საუდის არაბეთის კლუბებისგან უკვე არაფერი გვიკვირს, მაგრამ მაინც: ნეიმარიც საუდი პრო ლიგაში ითამაშებს.
ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ალ-ჰილალმა“ შეთანხმებას მიაღწია, როგორც „პარი სენ-ჟერმენთან“, ისე თვითონ ფეხბურთელთან. პარიზელები თანახმა არიან ბრაზილიელი აზიაში გაუშვან.
სავარაუდოდ, პსჟ 80 მილიონ ევროს მიიღებს, ბრაზილიელი კი ორ წელიწადში 180 მილიონ ევროს ხელფასის სახით. ამჟამად დოკუმენტების გაცვლის პროცესი მიმდინარეობს და „ალ-ჰილალში“ იმედოვნებენ, რომ უახლოეს 24 საათში ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენში“ 173 მატჩში 118 გოლი აქვს გატანილი. მანამდე სამხრეთამერიკელი „სანტოსსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.