ფეხბურთი

16:22 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებიდან გადადგა

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი 2026 წლამდე იყო ძალაში და ევრო 2024-ის დაწყებამდე მხოლოდ 10 თვეა დარჩენილი, მანჩინიმ გადადგომა გადაწყვიტა, რისი მიზეზიც უცნობია. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი მწვრთნელი უახლოეს ხანში დასახელდება.

იტალიას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 და 12 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის ნაკრებებთან გადამწყვეტი მატჩები ელოდება, შესაბამისად, მანჩინის მემკვიდრის მოძებნა მალევე მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია კანდიდატები, მაგრამ ამჟამად თავისუფალი არიან ანტონიო კონტე და ლუჩანო სპალეტი. ალბათ, ყველაზე მეტი შანსი სწორედ მათ აქვთ.

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წლის მაისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურამ“ დაამყარა მსოფლიო რეკორდი წაუგებელი მატჩების რაოდენობით (ზედიზედ 37 მატჩი მარცხის გარეშე 2018-2021 წლებში). ასევე 2021 წელს იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ისტორიაში მეორედ, ხოლო იმავე წელს და 2023 წელს ერთა ლიგაზე გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

თუმცა, ევროტრიუმფის შემდეგ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც მანჩინის კრიტიკოსთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მისი ხელმძღვანელობით იტალიამ 61 მატჩიდან 37-ჯერ იმარჯვა, 15-ჯერ ფრეს დასჯერდა და 9 თამაში წააგო.

რობერტო მანჩინის სამწვრთნელო კარიერაში „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „ზენიტში“, „გალათასარაისა“ და „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდა.

0.126203