ფეხბურთი

14:27 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველებში პირველი: ლეგენდის დახურული კარი

ენცო ფერარი ამბობდა: "მიეცით ბავშვს ფურცელი, რამდენიმე ფერი და სთხოვეთ დახატოს მანქანა, ის აუცილებლად გააწითლებს მას".

ასევე უთხარით ბავშვს, რომ მეკარე დახატოს ფეხბურთის მოედანზე და ის აუცილებლად დახატავს ჯანლუიჯი ბუფონს.

კარიერას რობერტო ბაჯოს ეპოქაში იწყებდა და კილიან მბაპეს დროს დაასრულა. თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში პრაქტიკულად შეუძლებელია გაიხსენო ადამიანი, რომელმაც 28 წლის განმავლობაში თითქმის უშეცდომოდ, მაღალ დონეზე და რაც მთავარია, ერთნაირი სტაბილურობით ითამაშა.

სიტყვა სტაბილურობა გამოხატავს ყველაზე მეტად იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ჯანლუიჯი ბუფონს, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

17 წლის იყო პარმას მთავარმა მწვრთნელმა ნევიო სკალამ მილანთან მატჩის წინა დღეს სასტუმროს ნომერში რომ უთხრა, ხვალ შენ უნდა ითამაშოო. ჯიჯი არ დაბნეულა, მაშინვე უპასუხა მწვრთნელს, რომ მზად იყო. ჯიჯიც მეორე დღეს მოედანზე გავიდა, რობერტო ბაჯოს, მარკო სიმონეს, ჟორჟ ვეას წინააღმდეგ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ყველასთვის უცნობმა ბიჭმა იტალიურ ფეხბურთში დიდი ხმაური გამოიწვია - მან პირველივე თამაშში ვარსკვლავები დაჩრდილა, საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და კარი მშრალად შეინახა.

მილანის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო თამაშის შემდეგ აღტაცებასაც ვერ მალავდა: „მსგავსი თამამი და გადამწყვეტი ბიჭი, რომელიც კარიდან გამოსვლის დროსაც სწორად არჩევს, 17 წლის ასაკში რთული სანახავია“.

ჯიჯი მომდევნო სეზონიდან უკვე პარმას მთავარ მეკარედ იქცა და ლეგენდარული გზის გავლას შეუდგა, რომელიც მართლაც უნიკალური გამოვიდა. 2001 წელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეც გახდა, როდესაც იუვენტუსმა პარმას 54 მილიონი ევრო გადაუხადა. ჯიჯის არც ახალი სიმაღლეების დაპყრობა გასჭირვებია - ტურინული გრანდის კარი ზედიზედ 17 წლის განმავლობაში საიმედოდ დაიცვა.

მან ყველაზე მეტჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, მაგრამ კარიერის მთავარი მიღწევა 2006 წელს უკავშირდება, როდესაც „სუპერმენმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრთები გამოისხა და 7 მატჩის განმავლობაში მის კარში გოლის გატანა სამყაროში ყველაზე რთულ ამოცანად აქცია. მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, თუმცა, ერთი თანაგუნდელმა გაუტანა, მეორეც პენალტით ზინედინ ზიდანმა. წლის ბოლოს ახლოს იყო ოქროს ბურთის მოგებასთანაც, მაგრამ საბოლოოდ თანაგუნდელ ფაბიო კანავაროს ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა.

ზოგადად, ბუფონი ოქროს ბურთს ნამდვილად იმსახურებდა. 2006 წელს მეორე ადგილზე გავიდა, 2003 წელსაც მოხვდა ათეულში, თუმცა "მხოლოდ" მეცხრე ადგილზე, ხოლო 2017 წელს, როცა უკვე 39 წლის იყო(!!!), მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს, ოდენ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის და ნეიმარის უკან. სხვათა შორის, თვითონ ამბობს, რომ ოქროს ბურთის გარეშე დარჩენაზე გული არ სწყდება. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს, ბევრის აზრით პრესიტჟულ პრიზს კანავაროზე მეტად იმსახურებდა, თავად სხვაგვარი აზრი გააჩნია, თქვა, რომ ფაბიოც იმსახურებდა, მაგრამ გული სწყდება 2003 წელს მხოლოდ მეცხრე ადგილზე რომ გავიდა. აი, ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ უფრო მეტს და მაღალ ადგილს იმსახურებდა, საფუძველიც აქვს - იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე და ფეხბურთელი გახდა, შესაბამისად, მინიმუმ ხუთეულში ნამდვილად უნდა მოხვედრილიყო.

საერთოდაც, 2006 წლის მუნდიალზე საოცარი პერფორმანსი ჰქონდა. ბევრისთვის ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ გადარჩენილი იტალია დარჩა მეხსიერებაში, მაგრამ კარგად თუ გავიხსენებთ, რომ არა ჯიჯი, იტალია ფინალამდე ვერ მივიდოდა. ის საუკეთესო იყო ჯერ კიდევ ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებთან, როდესაც 8 სეივი შეასრულა და თანაკლუბელი პაველ ნედვედი "გააგიჟა", მერე ავსტრალიასთანაც, როცა იტალიას ძალიან უჭირდა, არაერთხელ იხსნა გუნდი, მეოთხედფინალში "აძურიმ" თითქოს უკრაინას იოლად აჯობა, მაგრამ ეს მხოლოდ ანგარიშით, ჯერ კიდევ 1:0-ზე, როცა უკრაინელებს შტურმი ჰქონდათ მოწყობილი, ბუფონმა არაერთხელ შეძლო გუნდის გადარჩენა, მათ შორის ურთულესი დარტყმებისგან, ხოლო ნახევარფინალში გერმანიასთან დამატებით დროში, როცა ყველა ფაბიო გროსოს გოლზე საუბრობს, ავიწყდებათ რამდენიმე წუთით ადრე ჯიჯის წარომუდგენელი სეივი ლუკას პოდოლსკის ყუმბარისებულ დარტყმაზე. მოკლედ, ბუფონი იქ გმირი იყო, ჯიჯის მუნდიალი გახლდათ.

ჯიჯის კარიერას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აკლია - ტურნირი, სადაც მას არასდროს უმართლებდა და სამჯერ ფინალიც წააგო. მათ შორის, 2002-2003 წლების სეზონში, როდესაც ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, არცერთ მეკარეს არ გაუკეთებია. ფინალშიც ბუფონმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი მიითვალა, როდესაც ფილიპო ინძაგის დარტყმის მერე გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა. თვითონ ინძაგიც კი, დღემდე ვერ იჯერებს, როგორ მოახერხა მაშინ მეკარემ იმ ბურთის მოგერიება. თუმცა, ასეთი იყო - დაუჯერებელს და შეუძლებელს ახერხებდა, სწორედ ეს გამოარჩევდა ყველასგან. მილანთან ავადსახსენებელ პენალტების სერიაშიც მან 5-დან 2 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად გადაწყვიტა. გადაწყვიტა, რომ პირველ ნომერთა შორის პირველ ნომერს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ოქროს მედალი არ მოეგო. ეს ჰგავდა ზემოდან დაწერილ ისტორიას, რომელიც სასწაულმოქმედმა კაცმა, ჯიჯი ბუფონმაც ვერ შეცვალა. და მაინც, ეს მას არც ჩრდილს აყენებს და არც აკნინებს - ბუფონის სიდიადე უნაკლოა.

კარიერიდან თავად ყველაზე ორი სეივი გამოარჩია: სწორედ 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინძაგის წინააღმდეგ და 2006 წლის მუნდიალზე ზიდანის წინააღმდეგ. თუმცა, თქვა, რომ 1000-მდე უფრო რთული დარტყმა მოგერიება, ვიდრე ზიდანის თავური იყო, მაგრამ მნიშვნელობით ვერცერთი შეედრება, შესაბამისად, საუკეთესოდ ამიტომაც მიაჩნია.

ბევრის აზრით, ჯიჯის მინუსი პენალტები იყო, რაც არ შეესაბამება რეალობას: მას პენალტები მოგერიებული აქვს ისეთი დიდებული ფეხბურთელების პენალტების ოსტატების წინააღმდეგ, როგორებიც რონალდო, ლუიშ ფიგუ, რობერტო ბაჯო და ფრანჩესკო ტოტი არიან, პენალტი მოიგერია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზეც (პენალტების სერიის გარეშე), რაც არცთუ ხშირი შემთხვევაა, ორი პენალტი აქვს მოგერიებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში. საერთოდ, სტატისტიკურად პენალტების სერიას თუ არ ჩავუთვლით, 35-მდე თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული, რაც ცოტა არ არის. 20 წლის იყო, როცა რონალდოს პენალტი აუღო და სწორედ მაშინ შეარქვეს მეტსახელად სუპერმენი. ფიგუს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტ მომენტში აჯობა, ევრო 2008-ზე ჯგუფში ჩარჩენისგან იტალია სწორედ მის მიერ მოგერიებულმა პენალტმა იხსნა (ადრიან მუტუს წინააღმდეგ). მოკლედ, პენალტებში მის სისუსტეზე საუბარი, უბრალოდ მითია.

საფეხბურთო თვისებებთან ერთად გამორჩეული იყო მოედანს მიღმა. ძნელია გასახსენებელია, რომ ბუფონის მიმართ კოლეგების, მეტოქეების უპატივცემულობა ან პირით. ამაზე ყველაზე კარგად ადრიენ რაბიომ მიანიშნა, რომელიც ბუფონს ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა: „ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს, შენი ადამიანური თვისებებია. ეს არის ის, რაც განსხვავებას ქმნის დღევანდელ სამყაროში. შეგიძლია იყო ყველაზე ძლიერი მსოფლიოში, მაგრამ თუ არ გაქვს თანაგრძნობის, პატივისცემის, თავმდაბლობის უნარი, მაშინ უსარგებლო ხარ. შენ დაამტკიცე, რომ ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტიც გაქვს“.

ბუფონის კარიერა უამრავ რეკორდსაც იტევს: ყველაზე მეტი მატჩი იტალიის ნაკრებში, ყველაზე მეტი მატჩი იტალიის ჩემპიონატში, ზედიზედ ყველაზე მეტი მშრალი წუთი სერია A-ში (974 და სულაც, ათეულში სამჯერაა ბუფონის მშრალი წუთების სერია), იტალიის წლის საუკეთესო მეკარე, მსოფლიოს წლის საუკეთესო მეკარე და ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკის ვებგვერდის ვერსიით, 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარეც.

გემოვნებაზე არ დავობენ, ვიღაცისთვის ბუფონი შეიძლება ყველა დროის საუკეთესო მეკარე არ იყო, მაგრამ ბევრისთვის ასეა. ბევრისთვის ის პირველი ნომერი პირველ ნომერთა შორის - Numero uno dei Numeri uno…

ბუფონი სპორტულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა: დედა ბირთვის მკვრელი იყო, მამა ძალოსანი, მისი უფროსი დები, ვერონიკა და გენდალინა იტალიის ნაკრების ფრენბურთელები და როგორც თვითონ ხუმრობით გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში, მისმა ერთმა დამ მისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ჯიჯის ბაბუის ბიძაშვილი იყო ლორენცო ბუფონი, რომელიც 60-იან წლებში მილანისა და იტალიის ნაკრების კარს იცავდა. მოკლედ, ბუფონის ისტორია თავიდანვე დაწერილი იყო - მისი ცხოვრება სპორტს უნდა დაკავშირებოდა. თვითონ ამბობს, რომ არ იცის, ვინ იქნებოდა, რომ არა ფეხბურთელი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ იმაზე კარგი ვერაფერში იქნებოდა, რასაც მეკარეობით მიაღწია. სხვათა შორის, თავიდან მეკარე სულაც არ იყო, ნახევარდაცვაში თამაშობდა, თუმცა, 1990 წლის მუნდიალმა მის ქვეცნობიერში ყველაფერი შეცვალა. მუნდიალზე, რომელიც იტალიაში ჩატარდა, კამერუნის ნაკრებში ტომას ნკონო თამაშობდა, ჯიჯის ინსპირაცია და მომავლის განმსაზღვრელი. სწორედ ნკონოს შთაგონებით მან კარში დადგომა გადაწყვიტა.

ბუფონის დიდი ნიჭი ერმეს ფულგონიმ შეამჩნია. სწორედ მის სახელს უკავშირდება იტალიაში ჯიჯის აღმოჩენა. აი, რას იხსენებს ერმესი: „პირველად რომ ვნახე, 12 წლის იყო და მაშინვე დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ შეიძლებოდა დიდი მეკარე გამხდარიყო. როცა „პარმაში“ მისი აყვანა გადავწყვიტე, ყველა არ მეთანხმებოდა, მაგრამ დაჟინებით ვითხოვდი. მასთან 17 წლამდე ვიმუშავე, სანამ პირველ გუნდში დებიუტი ექნებოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდებოდა, ხალხი იცინოდა და დამცინოდა, მაგრამ მასში დარწმუნებული ვიყავი“.

„აქ მთავრდება, ყველაფერი მოგეცი, ყველაფერი მომეცი და ერთად გავიმარჯვეთ“ - ასე დაემშვიდობა ფეხბურთს სუპერმენი, რომელიც სუპერმენის მაისურით ჯერ კიდევ კარიერის საწყის წლებში თამაშობდა - თითქოს, თავიდანვე იცოდა, რომ სუპერმენი იყო და ნამდვილად იყო. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მისი იმედი გქონოდა, დაეყრდნობოდი და უფრო მშვიდად გეთამაშა.

იცვლებოდა თაობები, იცვლებოდნენ მეკარეები, იცვლებოდა კონკურენცია, მაგრამ არ იცვლებოდა მოცემულობა - ჯანლუიჯი ბუფონი 3 ათეული წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს ინარჩუნებდა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. სწორედ ეს სტაბილურობაა მთავარი ნიშა, რაც აბსოლუტურად ყველასგან და ყველაფრისგან გამოარჩევს. ჯიჯის კონკურენტები იყვნენ სხვადასხვა თაობის მეკარეები, სხვადასხვა ლეგენდები, მაგრამ ის ყოველთვის იქ იყო - პირველ ნომერთა შორის.

ბუფონზე წერა და თხრობა ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა, რაც იწყება, ყველაფერი სრულდება, ისე როგორც, მისი შეუდარებელი კარიერაც წარუშლელი ისტორიის ნაწილი გახდა.

და, ლეგენდამაც კარი გაიხურა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.111515