ფეხბურთი

1:32 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მამარდაშვილზე "ვალენსიას" მიმართა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი თქვა

„ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის მადრიდის „რეალში“ გაშვებაზე უარი თქვა. Deportes Cope Valencia იტყობინება, რომ „სამეფო კლუბმა“ ესპანურ გუნდს შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ „ლოს ჩეს“ ხელმძღვანელობისთვის“ ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

ესპანურ მედიაში წერენ, რომ „რეალმა“ „ვალენსიას“ გიორგის ერთწლიანი იჯარით დამატება შესთავაზა, რაშიც 5 მილიონ ევროს იხდიდა, ხოლო დამდეგ ზაფხულს მზად იყო მის გამოსასყიდად 20 მილიონი გადაეხადა. ჯამური შეთავაზება 25 მილიონს არ აჭარბებდა.

თუმცა, როგორც გაირკვა, „ვალენსიას“ პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა ამ შეთავაზებაზე უარი პირადად თქვა. შედეგად, ბოლო დროს „რეალი“ უფრო ახლოს კეპა არისაბალაგას გადაბირებასთან არის, რომელსაც ასევე იჯარით იმატებს. „რეალს“ მეკარის დამატების აუცილებლობა ტიბო კურტუას მძიმე ტრავმის შემდეგ დაუდგა. აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის პირველი ფავორიტი იასინ ბონო იყო, მაგრამ „სევილიას“ მაღალი მოთხოვნების გამო „სამეფო კლუბმა“ ჯერ მამარდაშვილის გადაბირება სცადა, მერე კეპას და სავარაუდოდ, სწორედ ესპანელს დაიმატებს.

აღსანიშნავია, რომ მეკარეებს ეძებენ მიუნხენის „ბაიერნი“ და ლონდონის „ჩელსიც“. ორივე კლუბს უკავშირებენ გიორგის, ბოლო პერიოდში უფრო მეტად ინგლისელებს. „ჩელსიმ“ ედუარ მენდის შემცვლელად რობერტ სანჩესი დაიმატა, მაგრამ კეპა თუ წავა, მისი შემცვლელიც სჭირდება - მეკარე, რომელიც სანჩესის დუბლიორად განიხილება. „ბაიერნს“ იან ზომერი ჰყავს შესაცვლელი, რადგან მანუელ ნოიერს ისევ ტრავმა აქვს და გერმანიის სუპერთასზე სვენ ულრაიხმა ითამაშა, რომელსაც ცხადია მიუნხენელები ვერ დაეყრდნობიან, რადგან ნოიერის დაბრუნების თარიღი ჯერაც უცნობია.

„ვალენსია“ მამარდაშვილს დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ აფასებს და მისი გაყიდვით გამომუშავებული თანხით სხვა ფეხბურთელების დამატებას აპირებს, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ დრო რჩება 31 აგვისტომდე, ქართველის გაყიდვის შანსიც იკლებს. გიორგიმ ლა ლიგის პირველ ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ უკვე ითამაშა.

0.109199