„ბოლონიისა“ და ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელი, მარკო არნაუტოვიჩი, შესაძლოა, მილანის „ინტერში“ გადავიდეს - წერს La Gazetta dello Sport.
წყაროს ცნობით, ავსტრიელი გუნდში თავდამსხმელის პოზიციის გასაძლიერებლად პრიორიტეტული ვარიანტია. „ბოლონია“ ფეხბურთელის გაყიდვიდან მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, „ინტერი“ აღნიშნულ თანხას სამართლიანად არ თვლის და მზადაა არნაუტოვიჩისთვის 8 მილიონი ევრო გადაიხადოს, ასევე გარიგებაში ნახევარმცველი სტეფანო სენსიც ჩართოს.
გასულ სეზონში ავსტრიელმა თავდამსხმელმა სერია A-ში „ბოლონიის“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.