კალათბურთი

21:04 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერიის თასზე საქართველოს ნაკრებმა იორდანიას იოლად მოუგო და ფინალში გავიდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის მერიის თასზე, რომელიც ამხანაგური ტურნირია, იორდანიის ნაკრები იოლად, 86:69 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ილიას ზუროსის გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ბოლოს, რომ არ მოდუნებულიყო, უფრო დიდი სხვაობითაც მოიგებდა. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს მხოლოდ ბოლო პერიოდი დაანებეს (15:18), თამაშის დანარჩენი მონაკვეთი კი ზუროსის გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც გასაკვირი არაა, რადგან იორდანია ძლიერთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო 19 ქულით და 5 მოხსნით. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 13 ქულა ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. 9-9 ქულა დააგროვეს რატი ანდრონიკაშვილმა და დუდა სანაძემ, ხოლო გიორგი შერმადინისა და თად მაკფადენის აქტივში მხოლოდ 6-6 ქულა იყო.

საქართველოს ნაკრები თბილისის მერიის თასის ფინალში 13 აგვისტოს, მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მეორე ნახევარფინალში ირანის ნაკრებს იოლად აჯობა. 14 აგვისტოს, ილიას ზუროსის გუნდი ამხანაგურ თამაშს უკვე ირანთან ჩაატარებს, თუმცა ეს მატჩი მედიისთვის დახურული იქნება.

საქართველო - იორდანია 86:69 (27:19, 21:16, 23:16, 15:18)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11278