სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:49 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კლაკსვიკის" ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი გაიტანა, პიცის გამყიდველია

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი აღმოჩენა ფარერების ჩემპიონი „კლაკსვიკია“, რომელიც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, იქამდე „ფერენცვაროშს“ აჯობა და ახლოსაა პლეი-ოფთან.

მთავარი აღმოჩენა ფეხბურთელი კი ამ გუნდის 31 წლის თავდამსხმელი არნი ფრედერიკსბერგია, რომელსაც 5 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მან პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფერენცვაროშთან" ორი გოლი გაიტანა, შემდეგ დუბლი შეასრულა „ჰაკენთან“ და ბოლოს „მიოლდესთან“ მოგებულ შეხვედრაშიც (2:1) თავი ორჯერ გამოიჩინა. შედეგად, საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ დროისთვის საუკეთესო ბომბარდირია.

როგორც გაირკვა, ის ფეხბურთის თამაშის პარალელურად პიცის გამყიდველია. „პიცას ვყიდით, ყოველდღე ვმუშაობ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ვარჯიშისთვის დრო 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მაქვს. 31 წლის ვარ, ბევრი დრო არ დამრჩა, რომ მთელი ცხოვრება მარტო ფეხბურთით ვიცხოვრო. რამდენიმე წელიწადში გვეყოლება ფეხბურთელები, რომლებიც სრულ განაკვეთზე ფეხბურთში იქნებიან ჩართულნი, ეს ალბათ მოგვიანებით მოხდება, არა ჩვენს თაობაში, არამედ რამდენიმე წელში“, - თქვა არნიმ.

შეგახსენებთ, რომ „კლაკსვიკი“ პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში სავარაუდოდ „გალათასარაის“ შეხვდება, რომელმაც „ოლიმპიას“ პირველი მატჩი 3:0 მოუგო. ნებისმიერ შემთხვევაში ფარერების ჩემპიონს კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში განაღდებული აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თუ გავა, უარეს შემთხვევაში ევროპა ლიგის ჯგუფში ავტომატურად მოხვდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.13734