ფეხბურთი

19:57 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე? ისეთი ეკლიანი თემაა, რომ საუბარსაც ვერ ვბედავ"

დატოვებს თუ არა „მეცს“ გიორგი მიქაუტაძე? ეს აქტუალური თემაა საფრანგეთში. ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენთან“ მატჩის წინ სწორედ ამაზე ჰკითხეს გუნდის მთავარ მწვრთნელ ლაშლო ბოლონის.

რუმინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარს ერიდება, მაგრამ გიორგი შვილივით უყვარს და დარწმუნებულია, რომ არ მოატყუებს.

- რას იტყვით მიქაუტაძის საქმეზე? დატოვებს გუნდს თუ არა?

- ისეთი ეკლიანი თემაა, რომ ამაზე ზედმეტად ლაპარაკს ვერ ვბედავ, მაგრამ იმის თქმის გამბედაობა მაქვს, რომ ჟორჟი შვილივით მიყვარს. იცით, როცა ყოფილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სტეფან მბია, სებასტიან შემელი, აბდესლამ ოუდუ ან კიმ კალსტრიომი მირეკავნ, რათა მადლობა გადამიხადონ, ეს გულს მითბობს. ჟორჟი არც ისე შორს არის ამისგან. ის ჩემს თვალში ჯილდოა და მან ეს იცის. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ არ აპირებს მოტყუებას“.

„მეცის“ მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ახალწვეულ თავდამსხმელ ბენჟამინ ტეტეზე: „ისეთი ფეხბურთელია, როგორიც არ გვყავდა. ფიზიკურად ძლიერია და გამთამაშებლად თამაში შეუძლია. სრულიად განსხვავებულია შეტევაში, ვიდრე გიორგი მიქაუტაძე. გარკვეულ პოზიციებზე კიდევ უნდა გავძლიერდეთ, მინდა, თითოეულ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი მყავდეს“.

აღსანიშნავია, რომ გავრცელდა ინფორმაცია „სტრასბურში“ შესაძლო ტრანსფერზე, რომელიც ჰაბიბ დიალოს „ალ-შაბაბში“ ყიდის და როგორც ჩანს, მის შემცვლელად გიორგის განიხილავს. ფრანგული გუნდი ტოდ ბოელის საკუთრებაშია, რომელიც „ჩელსის“ მფლობელიცაა. სხვა დეტალები ამ ინფორმაციაზე არ ვრცელდება.

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს, სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. მიქაუტაძეს, რომელმაც პრესეზონზე 3 გოლი, ხოლო ლიგა 2-ის გასულ სეზონში 23 გოლი გაიტანა, „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.114517