ფეხბურთი

15:59 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ვამბობდი, რომ 100 მილიონს არასდროს დავხარჯავდი? ახლა, აზრი შევიცვალე"

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი წლების წინ ამბობდა, რომ ერთ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს არასდროს გადაიხდიდა, მაგრამ როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა.

„ლივერპულმა“ მოისეს კაისედოს 127 მილიონად ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად, კლოპს წლების წინ მის მიერ გაკეთებული განცხადებები გაახსენეს, რაზეც თქვა, რომ ახლა სხვაგვარად ფიქრობს.

„რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ფეხბურთელში 100 მილიონს არ დავხარჯავდი. ახლა, მივხვდი, რომ ვცდებოდი. არ მომწონს ეს, მაგრამ ამჟამად ყველაფერი ასე მუშაობს. საბოლოო ჯამში, ჩვენ, როგორც კლუბი, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი რესურსებით საუკეთესო გუნდს შევქმნით. თუ ხალხს სურს ჩემი 5-6 წლის წინანდელი ციტატები წინ დამახვედროს, კარგი, მზად ვარ გავაცნობიერო, რომ ვცდებოდი და ეს ვაღიარო“, - თქვა გერმანელმა.

2016 წელს კი, როდესაც „მანჩესტერმა“ „იუვენტუსიდან“ პოლ პოგბა 105 მილიონ ევროდ დაიმატა, მაშინ იურგენი ამბობდა: „არასდროს დავხარჯავ ასეთ თანხას ერთ ფეხბურთელში. თუ ის ტრავმას მიიღებს, ეს ფული ფერფლად იქცევა. ფეხბურთი გუნდი თამაშია და წარმატება გუნდურად მიიღწევა. არსებობს სხვა კლუბები, რომლებსაც ბევრად მეტი ფულის დახარჯვა შეუძლიათ და საუკეთესო ფეხბურთელების დამატება, მაგრამ მე მინდა სხვაგვარად ვიმოქმედო“.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა კაისედოს ტრანსფერი დაადასტურა, ბოლო ცნობებით, ეკვადორელმა უარი თქვა "ლივერპულზე", რადგან მხოლოდ "ჩელსიში" გადასვლა სურს. ასე რომ, შეიძლება "ლივერპულში" მისი ტრანსფერი ჩაიშალოს.

0.110606