ფეხბურთი

22:59 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სხვა კლასი და გამოცდილება: "დილა" "აპოელს" ვერ გაუმკლავდა

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ნიქოზიის „აპოელთან“ წააგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, ბურთს აკონტროლებდა, შეტევასაც ცდილობდა, საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ტაიმი მაინც დათმო. გორელებს ყველაზე კარგი შანსი 33-ე წუთზე მიეცათ, როდესაც რევაზ ჩიტეიშვილმა ჯარიმა ძალიან კარგად შეასრულა, თუმცა კვიპროსელებს გაუმართლათ - ბურთი ხარიხას მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა გოლს საერთოდ არაფერი მოასწავებდა, 45-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა. გორელთა დაცვაში ჩავარდნის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ვარდნაში დაარტყა, მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ხოსე კრესპომ ანგარიში გახსნა. ტაიმიც ნიქოზიელებმა მოიგეს.

მეორე ნახევარში უკვე „აპოელი“ გაცილებით უკეთ თამაშობდა. „დილამ“ უფრო მეტჯერ დაარტყა კარში, თუმცა, განსაკუთრებული ხიფათის გარეშე. 63-ე წუთზე კი ჯორჯ ეფრემმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ შემთხვევაში მეკარის შეცდომა აშკარა იყო. სტუმრებმა სასურველ შედეგამდე თამაში ძალიან მშვიდად მიიყვანეს.

უნდა ითქვას, რომ „დილას“ და „აპოელს“ შორის სხვაობა მაინც აღსანიშნავია. კვიპროსულ გუნდს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და ბევრად გამოცდილიცაა. ამრიგად, შედეგიც ლოგიკურია. მთლიანობაში, „დილასთვის“ ორი ეტაპის გადალახვა ახლა ალბათ მაქსიმუმი იყო. წილისყრაში უფრო რომ გამართლებოდა, შეიძლება მეტისთვისაც მიეღწია...

„აპოელის“ და „დილას“ საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში, 17 აგვისტოს გაიმართება.

„დილა“ – „აპოელი“ 0:2 (0:1)

თბილისი, „დინამო არენა“

„დილა“ (4-3-3): კუჩერენკო; ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ეტოუ, ვანდერსონი; ფარულავა (სარდალიშვილი 66), ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი; გომისი (მზაკვალი 85), კოვტალიუკი (კუხიანიძე 66), გეილი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

„აპოელი“ (3-4-3): ბელეცი; კრესპო, კოსტადინოვი, დვალი; შუშიჩი, ფეტფაციდისი (ვილაფანესი 58), სარფო (ვილსონი 58), შებაკე; მარკინიოსი (ეფრემი 58), ქვილითაია (ტომანე 74), დალსიო

მწვრთნელი: რიკარდო სა პინტუ

გოლები: 0:1 კოსტადინოვი (45), 0:2 ეფრემი (64)

გაფრთხილება: ეტოუ (63) - კრესპო (32), კოსტადინოვი (55)

გაძევება: სანტოსი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 7 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: იასმინ შუბოტიჩი (ლუქსემბურგი)

0.119597