ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის წინ გასახურებელი პირველი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო საფრანგეთისთვის მზადებას კარგად ნაცნობი რუმინეთით იწყებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“, 12 აგვისტოს 19 საათზე დაიწყება.
ბორჯღალოსნებს რუმინეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ, 27-ჯერ უთამაშიათ. საუკუნეების გასაყარზე ის ჩვენი უმთავრესი მეტოქე იყო და პირველი 9 რკენიდან 7 რუმინელებმა მოიგეს. მერე ქართული რაგბი სწრაფი ტემპებით განვითარდა და ჯამში საქართველოს მეტოქე 17-ჯერ ყავს დამარცხებული, 1 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 9 შემთხვევაში რუმინეთმა იმარჯვა. ჩვენ გავიტანეთს 56 ლელო და მივიღეთ 37, ქულები – 561:441.
2018 წლიდან მოყოლებული რუმინეთი ზედიზედ 6-ჯერ გვყავს დამარცხებული, წელს მარტში „ავჭალაზე“ – 31-7.
3-წლიანი შესვენების შემდეგ (2020 წლის დეკემბრიდან) გუნდს უბრუნდება და თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს მიხეილ ნარიაშვილი. აქამდე მას ბორჯღალოსნების კვართი 66 მატჩში მოურგია და 7 თამაში ჩაატარა მსოფლიო თასზე (2015, 2019). ნარიაშვილთან ერთად პირველ ხაზში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ლუკა ჯაფარიძე იდგებიან.
მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილისა და ლადო ჩაჩანიძის დუეტს ვიხილავთ. მესამე ხაზში ფლანკერებად თამაშს ოთარ გიორგაძე და მიხეილ გაჩეჩილაძე იწყებენ, შემკვრელი კი ლუკა ივანიშვილია.
შეცვლილია ღერძი და მოედანზე პირველი წუთებიდან გელა აფრასიძისა და ლუკა მატკავას დუეტი გავა.
ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემურ თაფლაძე შეუწყვილდება, ფრთებზე ოთარ ლაშხი და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძეა.
პირველი ხაზის მარქაფაში შალვა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე არიან, მეორე და მესამე ხაზში შესაბამისად ლაშა ჯაიანი და გიორგი ცუცქირიძე შევლენ; 9 ნომრის შეცვლაზეა ვასილ ლობჟანიძე, ხაზში კი ლაშა ხმალაძეს და გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ.
ბორჯღალოსნები მომდევნო თამაშს ასევე „მიხეილ მესხზე“, 19 აგვისტოს 19 საათზე აშშ-სთან გამართავენ, 26-ში კი შოტლანდიას „მარიფილდზე“ ეთამაშებიან.
12 აგვისტო. მიხეილ მესხი. 19 საათი
საქართველო – რუმინეთი
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.
RUGBY.GE