კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე გადაწყვიტა. ამის შესახებ Le Parisien-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, მბაპე მომდევნო სეზონს პსჟ-ში გაატარებს - მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო. შესაბამისად, ფრანგი ვარსკვლავი კლუბს გაისად უფასოდ დატოვებს.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ მზადაა მბაპეს კიდევ ერთი წელი დაელოდოს, მით უფრო, თუ ის მომდევნო ზაფხულს უფასოდ შეუერთდება. პსჟ-მ სწორედ კონტრაქტის არგანახლების გამო, მბაპე გუნდს ჩამოაშორა და იაპონური ტურნეს მიღმა დატოვა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიანი პსჟ-ში აგვისტოს მატჩებშიც ვერ ითამაშებს. ცნობილია, რომ ნასე ალ-ხელაიფის ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგვა არ სურდა, ამიტომაც, ტრანსფერზე დააყენა, მაგრამ მბაპე, როგორც ჩანს, წელს წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელსა და კლუბს შორის, კონფლიქტია, რაც სწორედ ხელშეკრულებას უკავშირდება.