მადრიდის „ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, განაცხადა, რომ საუდელთა მსუყე შეთავაზებამ მისი მადრიდულ კლუბში დარჩენის სურვილი ოდნავადაც არ შეასუსტა.
„საუდელების წინადადებას ჩემზე გავლენა არ მოუხდენია. სიმართლე ისაა, რომ ძალიან მიხარია იქ, სადაც ვარ. ბედნიერი გახლავართ „ატლეტიკოში.“ არ განვიხილე საუდელთა შეთავაზება და არც იმ შემთხვევაში განვიხილავ, თუ მეტს შემომთავაზებენ. ბედნიერი ვარ ატლეტიკოში.“, - ციტირებს ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, სიმეონეს სიტყვებს ტვიტერზე.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა „ალ-აჰლის“ მწვრთნელობის შეთავაზება მიიღო. საუდურ კლუბში სიმეონეს წელიწადში 40 მილიონევროიან ხელფასს დაჰპირდნენ.
დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოს 12 წელია (2011 წლიდან) თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა რვა თასი მოიგო, მათ შორის გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაში. სიმეონემ ასევე ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.