ფეხბურთი

0:45 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: კაშიას და კანკავას "სლოვანმა" წააგო, "პანათინაიკოსმა" "მარსელს" მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ ჰაიფას „მაკაბისთან“ საკუთარ მოედანზე წააგო, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გასვლის არცთუ დიდი შანსი აქვს.

სამივე გოლი საწყის 15 წუთში გავიდა, მერე არაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, ისრაელის ჩემპიონმა ბრატისლავაში 2:1 მოიგო. კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

ათენის „პანათინაიკოსმა“ საკუთარ მოედანზე მარსელის „ოლიმპიკი“ ბერნარდის გვიანი გოლით 1:0 დაამარცხა და მართალია, „ველოდრომზე“ რთული თამაში ელოდება, მაგრამ პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. დიდი ხანი გავიდა, რაც „პანათინაიკოსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ ყოფილა.

კიდევ ერთი მატჩი „აიბროქსზე“ გაიმართა, სადაც „რეინჯერსმა“ ჟენევის „სერვეტი“ 2:1 დაამარცხა. სქოთებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ჟენეველებმა ერთი ბურთი გაქვითეს. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

0.129504