ფეხბურთი

19:06 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "გამოვჯანმრთელდი და სათამაშოდ მზად ვარ"

მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „ზენიტთან“ (3:2) შეხვედრაში ის შეცვლაზე ჩაერთო და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

საბამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, მაგრამ თავის მომავალზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„თამაში კარგად დავიწყეთ, სწრაფი გოლი გავიტანეთ. ეს ერთგვარი ტენდენციაა "ზენიტთან" მატჩებში, რადგან გასულ სეზონში მათ გაიტანეს სწრაფი გოლი. ზოგადად, კარგად ვითამაშეთ.

შეცვლაზე შევედი? გასაგებია, რომ ცენტრალური მცველები ხშირად არ შედიან შეცვლაზე, მაგრამ სამ ცენტრალურ მცველზე გადავედით და მოედანზე გავედი. ეს ჩემი პირველი მატჩია სეზონში, სასიამოვნო იყო პირველი მატჩის თამაში ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც „ზენიტია“.

არ ვთამაშობდი, რადგან საქართველოს ნაკრებიდან დავბრუნდი შეკრებაზე. საიდუმლო არ არის, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვირა-ნახევარში 4 მატჩი შეუცვლელად ჩავატარე, რაც სერიოზული დატვირთვაა. ამიტომ, „დინამოში“ არ ვთამაშობდი, დავისვენე. ახლა სრულად გამოჯანმრთელებული ვარ და სათამაშოდ მზად ვარ. ვფიქრობ, „ზენიტთან“ მატჩში ვაჩვენე, რომ ასეა. „ლიონის“ და სხვა კლუბების ინტერესი? ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - თქვა საზონოვმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვის ყველაზე აქტიურად „ლიონს“ უკავშირებენ, მაგრამ ჯერჯერობით, ტრანსფერზე სიახლე არაფერია. მას მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

„ზენიტთან“ მატჩში ასევე 59-ე წუთიდან ითამაშა ლუკა გაგნიძემ, მოსკოველებმა კი გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მოიპოვეს (3:2), რითაც სეზონში პირველად მოიგეს.

0.063299