8 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართება, სადაც ევროპის 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და კონტინენტის პირველობის 24 საგზურისვის გააჩაღებს ბრძოლას.
წილისყრის წინ საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათაშია განთესილი ბელგიის, ისრაელის და ბოსნიის ნაკრებებთან ერთად. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქეები კი პირველი, მეოთხე და მერვე კალათებიდან გაირკვევა.
I კალათა: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია.
II კალათა: ლიეტუვა, საბერძნეთი, იტალია, გერმანია.
III კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, თურქეთი, მონტენეგრო.
IV კალათა: ფინეთი, ხორვატია, უკრაინა, ლატვია.
V კალათა: ბელგია, საქართველო, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
VI კალათა: უნგრეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ბულგარეთი.
VII კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩრდ.მაკედონია.
VIII კალათა: პორტუგალია, დანია, სლოვაკეთი, კვიპროსი.
გათამაშების ფორმატი და თამაშების ჩატარების თარიღები ცნობილია. როგორც აქამდე, საკვალიფიკაციო ციკლი 3 ფანჯარაზე გადანაწილდება.
პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.
24-დან 4 საგზური დაკავებულია. მათი მფლობელები ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები – კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი არიან. ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ტურნირში მაინც მონაწილეობენ, თუმცა ჯგუფებში, სადაც მოხვდებიან, რომელი ადგილიც გინდა დაიკავონ, ევრობასკეტზე მაინც ითამაშებენ.
გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. მაგალითისთვის, თუკი დავუშვათ პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფში პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
ევრობასკეთ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:30 საათზე გაიმართება და მისი ტრანსლაცია FIBA-ს ოფიციალურ Youtube-ის არხით გადაიცემა.
GBF.GE