ფეხბურთი

12:54 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ინტერვიუ: სპალეტიზე, გარსიაზე, მიზნებზე, გასულ და ახალ სეზონებზე...
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფეხბურთის ისტორიაში კვალი დავტოვო"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად საკლუბო თემებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტის დიდი წვლილი მიუძღვის მის მიერ ნაჩვენებ თამაშში. ასევე აღნიშნა, რომ ახალ სეზონში მიზანი ისევ ჩემპიონობაა.

- ხვიჩა, მოიგეთ სკუდეტო, გახდით სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლის ავტორი. ელოდით ასეთ დამანგრეველ გავლენას?

- ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი სეზონი იყო მთელი გუნდისთვის, არა მხოლოდ ჩემთვის, არავინ ელოდა სკუდეტოს მოგებას, მაგრამ ჩვენმა მზადყოფნამ და სურვილმა, რომ ყოველთვის მაქსიმუმი გაგვეღო, განსხვავება შექმნა. ასე რომ, ასეთი საოცარი შედეგის წინაშე არ არსებობს პირადი დამსახურებები.

- როდის მიხვდით, რომ სკუდეტო თქვენს ხელში იყო?

- „იუვესთან“ მატჩის შემდეგ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ძალიან ახლოს ვიყავით ჩემპიონობასთან და მას შემდეგ ყველა მატჩი იყო ზეიმი. წარმოუდგენელი დღეები გახლდათ, უსაზღვრო ემოციები განვიცადეთ.

- სწორედ ტურინიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო ზეიმი ნეაპოლში...

- ტურინში მოგების შემდეგ ჩვენმა მენეჯერმა გაგვაფრთხილა, რა სიტუაცია დაგვხვდებოდა ნეაპოლში, მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდით, შოკისმომგვრელი იყო. აეროპორტიდან გასვლას 1 საათი დასჭირდა. იქ მივხვდით, რომ სკუდეტოდან ერთ ნაბიჯში ვიყავით და ის საღამო არავის დაავიწყდება. მე ჯერ კიდე მაქვს, ცნობილი ქაღალდის ქუდი.

- სხვათა შორის, მოახერხეთ ქალაქის დათვალიერება?

- სამწუხაროდ, ქალაქში დიდად ვერ გავდივარ, ხალხის ამ უსაზღვრო სიყვარულის მართვა გამიჭირდება. ნეაპოლში ჩასვლისთანავე ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ხალხი მაშინვე მცნობდა. ოჯახთან ერთად პომპეის მონახულება მაინც შევძელი. ნეაპოლში ორი რამ მიყვარს - პეიზაჟები და მზის ჩასვლა. ასევე, მესამეც: სპაგეტი.

- ფეხბურთზე გადავიდეთ: შეგიძლიათ თქმა, რომ სპალეტი თქვენი საფეხბურთო მამაა?

- დიახ, სპალეტი გახდა ჩემი საფეხბურთო მამა და ვერასოდეს შევძლებ მისთვის საკმარისად მადლობის გადახდას. ის ჩემს კარიერაში გარდამტეხი იყო, მან მომცა საშუალება უმაღლეს დონეზე მეთამაშა და ყოველთვის მეხმარებოდა, თუნდაც ყველაზე რთულ მომენტებში. როდესაც საუკეთესოდ ვერ ვთამაშობდი, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა, მიცავდა, რჩევებს მაძლევდა, როგორ მოვქცეულიყავი. თუ გავხდი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დღეს ვარ, ეს მისი დამსახურებაა.

- მადლობას ალბათ, დე ლაურენტისიც იმსახურებს..

- რასაკვირველია ის მადლობას იმსახურებს. ჩემი ძალიან სჯეროდა, მან დაიჯერა უცნობი ბიჭის და მასში დიდი ინვესტიცია ჩადო, გარისკა კიდეც.

- და, ახლა გარსიას, როგორ შეუძლია თქვენი დახმარება?

- მას შეუძლია ჩემი დონის გაუმჯობესება. ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობთ ვარჯიშზე. მომწონს, როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელი, დარწმუნებული, რომ ისევ გამარჯვებაში დაგვეხმარება.

- შეუძლია "ნაპოლის" ჩემპიონობის შენარჩუნება?

- რა თქმა უნდა, ყველა მატჩს მოსაგებად ვთამაშობთ, შემდეგ კი გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა, ზედიზედ მეორედ ჩემპიონობას. ყველას პატივს ვცემთ, ბევრი ძლიერი გუნდია, რომლებიც კარგად თამაშობენ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთან თამაში არავის უხარია.

- ოსიმენთან განსაკუთრებული კავშირი გაქვთ...

- ვიცოდი, რომ ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა თავმდაბლობამ გამაოცა. ერთმანეთს თავიდანვე კარგად გავუგეთ, ეს მოედანზეც ჩანს. რომც ვერ დავინახო, უკვე ვიცი სად არის, როგორი პასი გავუკეთო, თითქოს, ყოველთვის ვგრძნობ მის მოძრაობას და იგივენაირად არის ისიც ჩემდამი.

- მოგწონთ კვარადონას მეტსახელი თუ უფრო წნეხია?

- რა თქმა უნდა, ეს მეამაყება და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა ისეთ დიდ ფეხბურთელთან შედარება, როგორიც მარადონა იყო.

- თქვენ ახალი თაობის კუმირი ხართ. ყველას 77-ნომრიანი მაისური აცვია, როგორც თავის დროზე მარადონას 10-ნომრიანი...

- საოცარია იმაზე ფიქრი, რომ 33 წლის შემდეგ არის ახალი თაობა, რომლისთვის მე ვარ ამოსავალი წერტილი. მაგრამ მხოლოდ ბავშვებს არ ეხებათ, უფროსებიც ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავენ. ისინი გვაძლევენ მოტივაციას და ენერგიას, რაც შემდეგ მოედანზე გამარჯვებაში გვეხმარება. მათი თანადგომა არასდროს დაგვიკარგავს.

- პირველი გოლი სტეფ კარის სტილში აღნიშნეთ. მოახერხებთ, ფეხბურთში მისი დონეზე ასვლას?

- ვერასოდეს გავბედავ იმის თქმა, რომ სტეფ კარის დონეზე ავალ, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფეხბურთის ისტორიაში კვალი დავტოვო.

- "მილანთან" მატჩში გქონდათ შეცდომები, რამ გამოიწვია?

- რთულია სათქმელია, მაგრამ შეცდომებზე სწავლობ და უმჯობესდები. იმ ეპიზოდიდან ბევრი რამ ვისწავლე, მივხვდი, სად შემიძლია და უნდა გავაუმჯობესო. ჩემპიონთა ლიგაზე მეტს ვიმსახურებდით, რომ მომდევნო სეზონში ვეცდებით.

- რაფაელ ლეაუსთან ურთიერთობა როგორია?

- მომწონს მისი უბრალოება და თავმდაბლობა. მოედანზე ის ჩემპიონია, მაგრამ მოედანს მიღმაც არანაკლებია. გამიხარდა, როდესაც ჩემთან მოვიდა და დამამშვიდა, მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მაისურები გავცვალეთ და წარმატებები ვუსურვე, ნამდვილად იმსახურებს ამას.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება, „ნაპოლის“ პირველი მეტოქე კი „ფროზინონე“ იქნება, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა, დასახელდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, ასევე მისი გოლი სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს. მან 2022-2023 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 43 ოფიციალურ მატჩში თავი 14 გოლით, 14 საგოლე პასით და 5 გამომუშავებული პენალტით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139541