კალათბურთი

20:56 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში სოლიდური სხვაობით წააგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად ლატვიის ნაკრებთან 57:82 დამარცხდა.

ოთხი დღის წინ ლიეტუვასთან ილიას ზუროსის გუნდმა 102 ქულა ჩააგდო, ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ რიგაში სულ სხვაგვარი თამაში ვნახეთ. ლატვია რამდენიმე ლიდერის გარეშე თამაშობდა, თუმცა, ამის გარეშეც დიდი უპირატესობით და ძალიან მარტივად მოიგო.

თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებში ისევ არ უთამაშია გოგა ბითაძეს, რომელსაც ტრავმა აქვს. ზუროსის გუნდმა კარგად დაიწყო, 13:6 დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს, რამაც შედეგი გამოიღო და ლატვიელებმა ნელ-ნელა შეძლეს წინ გასვლა, მერე კი ტემპი არ დაუგდიათ და 25-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

საქართველოს დაცვაშიც ჰქონდა პრობლემები და შეტევაშიც პრაქტიკულად ბევრი არაფერი გამოსვლია, რაზეც ჩაგდებული 57 ქულაც ნათლად მიანიშნებს. ბოლო პერიოდში ზუროსმა სათადარიგო მოთამაშეებს უფრო მეტად მისცა თამაშის შესაძლებლობა.

საქართველოს ნაკრებში უმაღლესი შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. თორნიკე შენგელიამ 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება, სადაც თბილისის მერიის თასზე ითამაშებს. 12 აგვისტოს ზუროსის გუნდი იორდანიას შეხვდება, ხოლო 13 აგვისტოს, ფინალი გაიმართება. მეორე ნახევარფინალში მონტენეგრო და ირანი შეხვდებიან.

ლატვია - საქართველო 82:57 (19:20, 26:19, 20:10, 17:8)

საქართველო: კაკუშაძე (2ქ), ანდრონიკაშვილი (3ქ, 3პ), მამუკელაშვილი (7ქ, 9მ), ჯინჭარაძე, ლიკლიკაძე, ცინცაძე (6ქ), შერმადინი (14ქ, 7მ), სანაძე (6ქ), ტურძილაძე (4ქ), ბერიშვილი, შენგელია (11ქ, 3პ), გოგიჩაიშვილი, მაკფადენი (4ქ), ბექაური.

0.162569