„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დანიის ნაკრების თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
20 წლის დანიელმა ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით. ბერგამოს „ატალანტამ“ ჰოილუნის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო, ბონუსის სახით კი 10 მილიონს კიდევ მიიღებს.
რასმუსი „ატალანტამ“ შარშან გრაცის „შტურმიდან“ მხოლოდ 17 მილიონ ევროდ შეიძინა, სადაც დანიელი ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი იყო. გასულ სეზონში მან 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მანამდე „შტურმის“ გარდა, „კოპენჰაგენშიც“ აქვს ნათამაშები. დანიის ნაკრებში ჰოილუნს 6 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.