ფეხბურთი

22:00 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ყაზახეთში მოგება არ ეყო და კონფერენს ლიგას გამოეთიშა

ქუთაისის „ტორპედომ“ „აქტობეს“ ყაზახეთში მოუგო, მაგრამ ქუთაისში ერთი კვირის წინ 1:4 წაგება ძვირად, უფრო სწორად კონფერენს ლიგიდან გავარდნის ფასად დაუჯდა.

სტივ კინის გუნდმა შინ სამბურთიანი სხვაობით წაგების მერე ბოლომდე ბრძოლა მაინც შეძლო, თუმცა, თამაშს ბოლო წუთებში დიდი ინტრიგა მაინც ვერ დაუბრუნდა. მატჩი „აქტობეს“ დიდი უპირატესობით დაიწყო. პირველ ტაიმში მხოლოდ ყაზახები უტევდნენ და ფილიპ კლიაიჩმა თავისი გუნდი რამდენჯერმე იხსნა, თუმცა, ვერაფერი გააკეთა 31-ე წუთზე, როდესაც მაქსიმ სამოროდოვის დარტყმა გაუშვა - 1:0.

„აქტობემ“ ტაიმი მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი წინ 5:2 იყო, შესაბამისად, ყველაფერი პრაქტიკულად გარკვეული გახლდათ. თუმცა, გიორგი არაბიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაშია, რაც უდავოდ სასიამოვნო სიახლეა, რადგან მისი ნიჭის შესახებ ყველამ ვიცით.

არაბიძე ნათელი წერტილი იყო „ტორპედოს“ რიგებში ევროტურნირების ოთხივე მატჩში, ადვილად შეიმჩნეოდა, რომ კლასი აქვს და ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლია... სწორედ მან მოახერხა 58-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება, როდესაც შორი მანძილიდან გაისროლა. მართალია, გიორგის რიკოშეტი დაეხმარა მიზნის მიღწევაში, მაგრამ ეს მის გარჯას არ აკნინებს.

8 წუთის შემდეგ არაბიძემ კიდევ ერთხელ ითამაშა მაგრად, ამჯერად მეტოქის დაცვა ოსტატური პასით უსაქმოდ დატოვა, ბურთი ომრან ჰაიდარის გადააწოდა, რომელმაც უკვე ირაკლი ბუღრიძეს უპასა და მანაც ერთი შეხებით გაიტანა - 1:2. „ტორპედო“ წინ გავიდა, მაგრამ კიდევ ორი გოლი სჭირდებოდა. საამისოდ დრო ჰქონდა, 25 წუთზე მეტი, თუმცა 75-ე და 78-ე წუთებზე ნიკა სანდოხაძემ ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი, რის გამოც თავისი გუნდი მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა და თამაშიც პრაქტიკულად იქ დასრულდა.

საბოლოოდ, ყაზახეთში „ტორპედომ“ 2:1 იმარჯვა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:5 წააგო და ასპარეზობას დაემშვიდობა. სტივ კინის გუნდმა კონფერენს ლიგაზე ერთი ეტაპი გაიარა, ბოსნიურ „სარაევოს“ აჯობა.

ქართულ-ყაზახური კლუბების ბალანსი ევროთასებზე კიდევ უფრო სავალალო გახდა - 1:9-ზე ყაზახების სასარგებლოდ.

„აქტობე“ – „ტორპედო“ 1:2 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:3

აქტობე, „ცენტრალური სტადიონი“

„აქტობე“ (3-4-3): პოკატილოვი; კასიმი, იაშინი, შომკო; ჩინა (ფილიპოვიჩი 60), სტრუმია, რაიჩკოვიჩი (გნაიემი 74), ტანჟარიკოვი (კიბირაი 61); სამოროდოვი (უმაევი 79), ელდერი, ბაიტანა (ნიანგბო 61)

მწვრთნელი: ანდრეი კარპოვიჩი

„ტორპედო“ (3-4-2-1): კლიაიჩი; მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია; ჭიჭინაძე (მანჯგალაძე 46), გიგაური (გიგაური 80), აკბარი, შერგელაშვილი (ჰაიდარი 46); არაბიძე; ბუღრიძე, ფანცულაია (კეიკე 46)

მწვრთნელი: სტივ კინი

გოლები: 1:0 სამოროდოვი (31), 1:1 არაბიძე (58), ბუღრიძე (66)

გაფრთხილება: ტანჟარიკოვი (22), სტრუმია (72) - არაბიძე (64), სანდოხაძე (75, 78), მანჯგალაძე (80)

გაძევება: სანდოხაძე (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ტრუსტინ ფარუგია (მალტა)

0.11612