ფეხბურთი

23:11 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "არავინ ელის ჩვენგან სენსაციას, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის ღირს და შეგვიძლია"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „აქტობესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ეცდება, რომ უფრო აგრესიულად ითამაშოს და მენტალურად მზად არიან.

„ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ უნდა შევუტიოთ. ბურთის კონტროლში უპირატესობა საგოლე მომენტების შექმნას გამოიწვევს. ვეცდებით, კარში უფრო ხშირად დავარტყათ. პირველ მატჩში იმაზე ნაკლებად აგრესიულად ვითამაშეთ, ვიდრე გვსურდა. რა თქმა უნდა, ეს „აქტობეს“ დამსახურებაა. მათ მატჩის დასაწყისიდანვე პრესინგი კარგად ითამაშეს.

პირველ შეხვედრაში შედეგის მიუხედავად ბურთის ფლობა გვქონდა. არ ვამბობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ბურთის ფლობა გოლად ვაქციოთ. პირველ მატჩში ბურთი თითქმის 70%-ით გვქონდა. ამჯერადაც არ უნდა დავაგდოთ ეს მაჩვენებელი. პირველ თამაშში „აქტობემ“ ერთი გოლი პენალტით გაიტანა, ორი კი კონტრშეტევაზე, მხოლოდ ერთი გოლი იყო შრომატევადი. ჩვენც ბევრი მომენტი გვქონდა, ამიტომ, ვეცდებით მეტოქეზე გაცილებით მეტი გოლის გატანას.

გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად მზად არის. არავინ ელის ჩვენგან სენსაციას, მაგრამ სარაევოში დავამტკიცეთ რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს და შეგვიძლია“, - თქვა კინმა.

მატჩამდე კომენტარი გააკეთა ირაკლი ბუღრიძემაც, რომელიც ასევე იყო პრესკონფერენციაზე: „გულშემატკივარმა ამხელა გზა გამოიარა ჩვენს გასამხნევებლად. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ“.

შეგახსენებთ, რომ „აქტობესა“ და „ტორპედოს“ მატჩი 20:00 საათზე გაიმართება. პირველი მატჩი ქუთაისში ყაზახებმა 4:1 მოიგეს.

0.120383