ფეხბურთი

17:43 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა დაასრულა (+VIDEO)

ეს დღეც დადგა: ჯანლუიჯი ბუფონმა 90-იანი წლების შუაში დაწყებული კარიერა დაასრულა.

ჯიჯიმ თამაში ჟორჟ ვეას, დეიან სავიჩევიჩისა და რობერტო ბაჯოს წინააღმდეგ დაიწყო, კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდის ეპოქაში კი დაასრულა. იშვიათი, გამონაკლისი და გასაოცარი ისტორიაა. ლეგენდარულმა მეკარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთს აღარ ითამაშებს.

„აქ მთავრდება. შენ ყველაფერი მომეცი, მეც ყველაფერი მოგეცი. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ“, - დაწერა ბუფონმა სოციალურ ქსელში, რომელსაც ვიდეოკოლაჟი დაურთო.

ჯანლუიჯი ბუფონის უნიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. მას 19 ნოემბერს, მილანის წინააღმდეგ მატჩში, 17 წლის ასაკში საოცარი დებიუტი ჰქონდა (0:0), სადაც პარმას ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ემილიელთა რიგებში ის 2001 წლამდე დარჩა, ხოლო შემდეგ იუვენტუსში 54 მილიონ ევროდ გადავიდა, რითაც იმ დროისთვის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა (ეს რეკორდი ცოტა ხნის წინ მოიხსნა).

იუვენტუსში ბუფონმა 2001-2018 წლებში დიდი ეპოქა დაწერა, კლუბს სერია B-ში მაშინ გადაჰყვა, როცა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და კარიერის პიკში იყო. 2018-2019 წლების სეზონი ჯიჯიმ პსჟ-ში დაჰყო, ხოლო შემდეგ იუვეს დაუბრუნდა, სადაც კიდევ ორი სეზონი ითამაშა. ბოლო ორი სეზონი ის უკვე მშობლიური პარმას მაისურით თამაშობდა.

პარმაში ბუფონმა 8 სეზონში 265 თამაში ჩაატარა. იუვენტუსში ჯიჯიმ 19 სეზონი გაატარა და 685-ჯერ გავიდა მოედანზე, რაც ტურინული გრანდის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ (705). პსჟ-ში კი ერთ სეზონში 29-ჯერ ითამაშა.

იტალიის ნაკრებში ბუფონმა 1997-2018 წლებში 176 მატჩი ჩაატარა, ესეც რეკორდია. მან 10-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (რეკორდი), 6-ჯერ იტალიის თასი (რეკორდი), 7-ჯერ იტალიის სუპერთასი (რეკორდი), თითოჯერ კი უეფას თასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერთასი. 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 1996 წელს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონი. ჯიჯის კარიერას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დააკლდა, სადაც სამჯერ წააგო ფინალი, მაგრამ ეს მის კარიერას ცხადია ჩრდილს არ აყენებს.

ბუფონი ერთადერთი მეკარეა ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (2002-2003). მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ IFFHS-ის ვერსიით ხუთჯერ დასახელდა. ოქროს ბურთის გამოკითხვაში 2006 წელს მეორე ადგილი, 2017 წელს მეოთხე ადგილი, 2003 წელს კი, მეცხრე ადგილი დაიკავა.

ამრიგად, ჯიჯი ბუფონის უსასრულო, გასაოცარი და რაც მთავარია, ძალიან სტაბილური 28-წლიანი კარიერა დასრულდა.

0.11366