სენსაციური გამოდგა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები F და G ჯგუფებში.
F ჯგუფში ბრაზილიის ნაკრები ჩარჩა! სამხრეთამერიკულ გრანდს ბოლო ტურში იამაიკასთან აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ მეტოქე ვერაფრით გატეხა ნულოვანი ფრე. საბოლოოდ, იამაიკა გავიდა ჯგუფიდან, სადაც საფრანგეთის და ბრაზილიის ნაკრებები ჰყავდა! იამაიკელებმა პანამას 1:0 მოუგეს, ფრანგებსა და ბრაზილიელებთან ნულოვანი ფრეები ითამაშეს და 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. თანაც, ჯგუფში გოლიც არ გაუშვიათ. პირველ ადგილზე საფრანგეთი გავიდა 7 ქულით, ბრაზილია მესამე ადგილს დასჯერდა (4 ქულა), ხოლო პანამა უქულოდ დარჩა.
G ჯგუფში იტალიის ნაკრებს ქულა ჰყოფნიდა სამხრეთ აფრიკასთან, რომელსაც მე-11 წუთიდან ამარცხებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ წააგო. კურიოზული იყო აფრიკელთა პირველი გოლი, უფრო სწორედ, იტალიელთა ავტოგოლი, რომელიც ბენედეტა ორსის აქტივშია. მან საჯარიმოს გარედან გაუტანა საკუთარ მეკარეს. იტალია 92-ე წუთამდე მაინც ინარჩუნებდა სასურველ ფრეს (2:2), მაგრამ მესამეც გაუშვა, 2:3 წააგო და ჯგუფში 3 ქულით და მესამე ადგილით ჩარჩა. სამხრეთ აფრიკამ 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფი შვედეთმა მოიგო 9 ქულით, ხოლო არგენტინა 1 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
8 ჯგუფიდან 7-ში უკვე დასრულდა ასპარეზობა, შესაბამისად, უმეტესი მერვედფინალური წყვილი ცნობილია.
ესპანეთი - შვეიცარია
იაპონია - ნორვეგია
ნიდერლანდები - სამხრეთ აფრიკა
შვედეთი - აშშ
ინგლისი - ნიგერია
ავსტრალია - დანია
ხვალ H ჯგუფში დასრულდება ასპარეზობა, სადაც კოლუმბია მაროკოს შეხვდება, გერმანია სამხრეთ კორეას. კოლუმბიას 6 ქულა აქვს, გერმანიას და მაროკოს 3-3, ხოლო სამხრეთ კორეას - 0.