კალათბურთი

23:56 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "მეტოქეს ასეთი გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგრამ რეაგირება მოვახდინეთ"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ და სანდრო მამუკელაშვილმა ლიეტუვასთან მატჩის (102:104) შემდეგ ისაუბრეს. ორივემ აღნიშნა, რომ მარცხი დასანანია, მაგრამ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და მეორე ტაიმში რეაგირება მოახდინა.

“მოსამზადებელი თამაში იყო, დასანანია, რომ წავაგეთ, მაგრამ ამ თამაშებს უფრო პოზიტიურად უნდა შევხედოთ, ბევრი დადებითის დანახვა შეიძლება. უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიწყოთ უკეთ თამაში, არ უნდა მივცეთ მეტოქეს ასეთი დიდი სხვაობით გაქცევის საშუალება. თუმცა, ყველაზე ძალიან რაც მომეწონა, იყო ის, რომ მეორე ნახევარში რეაგირება მოვახდინეთ. უფრო გუნდურად, აქტიურად ვითამაშეთ დაცვასა და შეტევაში, რამაც შედეგი გამოიღო”, - თქვა შენგელიამ, რომელიც 30 ქულით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

19 ქულა შესძინა ნაკრებს მამუკელაშვილმა, რომელმაც მატჩი შემდეგნაირად შეაფასა: “ვფიქრობ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინეთ. წავაგეთ, მაგრამ 15-20 ქულით ვაგებდით, დავბრუნდით თამაშში და ყველაფერი გავაკეთეთ ბოლო წამამდე შანსი გვქონოდა. ვამაყობ ამ ბიჭებით, ძალიან ბევრი გუნდი დანებდებოდა, მაგრამ ყველა ერთად შევიკარით, წუთშესვენებებზე კარგად ვილაპარაკეთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი უფრო მეტად გაგვეღო. ჩემი აზრით, მეორე ამხანაგური მატჩისთვის კარგი თამაში იყო. წინ კიდევ ბევრი მატჩია და დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო კარგად შევეწყობით ერთმანეთს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 აგვისტოს, რიგაში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.108482