კალათბურთი

18:04 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენი მიზანი პოტენციალის გაუმჯობესებაა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გუნდმა კაუნასში პირველად ივარჯიშა, მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ კაუნასში დავბრუნდი. ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. აქ ვცხოვრობდი და აქაურობასთან ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს. ჩემი შვილი აქ დაიბადა, აქ ყოფნა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო და სასიამოვნოა.

რაც შეეხება თამაშს, ხვალინდელი მატჩი დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დავინახოთ თუ სად ვართ და ეს გავაკეთოთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რადგან ეს გუნდი აუცილებლად მედლებისთვის იბრძოლებს.

ძალიან კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. წინ ორი ურთულესი მატჩი გველის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არ იქნება, ჩვენი მიზანი პოტენციალის გაუმჯობესებაა, როგორც დაცვის, ასევე შეტევის თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ მომზადების პროცესში წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, - თქვა ზუროსმა.

კომენტარი გააკეთა გიორგი შერმადინმაც: „კი, ნამდვილად, ლიეტუვა ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია. დიდად არაფერს გვიწყვეტს, რადგან ამხანაგურია, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ დეტალებისთვის და შეცდომების გამოსასწორებლად. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კაუნასშია, სადაც 1 აგვისტოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კაუნასში დაუპირისპირდება. 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვია გველოდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე იქნებიან.

0.113043