კალათბურთი

14:37 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "საჭიროა მეტი ვიმუშაოთ, უფრო აგრესიულები ვიყოთ და უკეთესი დაცვა ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ეგვიპტესთან მატჩის (76:81) ისაუბრა. მან როგორც თამაში, ისე იტალიური შეკრება შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის კმაყოფილია.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ მთლიანად შეკრების დროს, რომელიც ჩვენი მოსამზადებელი პროცესის პირველი ეტაპია. ძალიან ბედნიერი ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების გამო, ისინი თავს არ ზოგავენ, დაიწყეს სისტემის უკეთ აღქმა, შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე შესაძლებლობა გვექნება ნაკრებში ახალი სისხლი ვიხილოთ.

მეორე მხრივ, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა ამ შეხვედრა, გოგას მცირე პრობლემები შეექმნა მატჩის მიმდინარეობისას და მეორე ნახევარში აღარ უთამაშია. შენგელია განაცხადში არ იყო, სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა სრული დატვირთვით, შესაბამისად გუნდის შეფასება ძალიან რთულია. თუმცა ამის მიუხედავად მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე კარგ კონდიციაში ვართ. საჭიროა მეტი ვიმუშაოთ, ვითამაშოთ უკეთესი დაცვა, ვიყოთ უფრო აგრესიულები. ეგვიპტის წინააღმდეგ სკაუტინგი არ გავაკეთეთ, შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაცვაში თამაშს ტაქტიკის მიხედვითაც ვისწავლით. რაც შეეხება შეტევას, აუცილებლად ვიპოვით საჭირო რიტმს.

სამწუხაროდ და ამავდროულად საბედნიეროდ, უახლოეს მომავალში ორი ურთულესი თამაში გველის, ერთი ლიეტუვის ნაკრებთან, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და ლატვიასთან, რომელიც ასევე ძლიერი გუნდია. ვეცდებით ვისწავლოთ ძალიან ძლიერ მეტოქეებთან თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ ერთად საკმარისად არ გვივარჯიშია“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 30 ივლისს ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც 1 აგვისტოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კაუნასში დაუპირისპირდება. 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვია გველოდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე იქნებიან.

0.133346