ფეხბურთი

11:45 | 30.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "მუხლის ქრონიკული ტრავმა მაქვს, მაღალი ინტენსივობით თამაში არ შემიძლია"

ლუის სუარესი „გრემიოს“ ტოვებს. ვეტერან ფეხბურთელს ბრაზილიურ კლუბთან 2024 წლის ბოლომდე აკავშირებდა, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ერთი წლით ადრე, 2023 წლის ბოლოს გაწყდება.

ურუგვაელმა განაცხადა, რომ მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს, რის გამოც მაღალი ინტენსივობით თამაში აღარ შეუძლია.

„ჩემი განზრახვა იყო აქ 2 წელი დარჩენა, მაგრამ გულახდილი უნდა იყო საკუთარ თავსა და კლუბთან, მომდევნო სეზონში ვერ ვითამაშებ იგივე დატვირთვით და ინტენსივობით, რაც ბრაზილიურ ფეხბურთს აქვს. თუ გუნდი ლიბერტადორესის თასზეც გავა, ბევრი გასვლითი მატჩიც გველოდება. კლუბმა ეს ყველაფერი გაიგო და მადლობას ვუხდი მათ ჩემი მდგომარეობის გაგებისთვის. პრობლემა მუხლზე მაქვს, ეს არის ქრონიკული ტრავმა, რომელსაც არ ვმალავ და საერთოდაც, კლუბმა ამის შესახებ აქ ჩემს მოსვლამდეც იცოდა.

15 დღეა აღარ მითამაშია და დადებითი შედეგი მაქვს, ტკივილი იკლებს. არ ვიცი, სხვაგან თუ ვითამაშებ, მაგრამ ინტენსივობას აუცილებლად მოვუკლებ. ბრაზილიურ ფეხბურთს კი ძალიან მაღალი ტემპი აქვს.

„ინტერ მაიამი“? როგორც ვიცი, ისინი კლუბს დაუკავშირდნენ და „გრემიომ“ უპასუხა, რომ მათთან კონტრაქტი მქონდა და ტრანსფერის შანსი არ იყო, მაგრამ ჩემთან პირადად არავის უსაუბრია“, - თქვა სუარესმა ბრაზილიურ კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „გრემიოში“ მიმდინარე წლიდან თამაშობს და 32 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მანამდე „ელ პისტოლერო“ „ნასიონალის“, "გრონინგენის", „აიაქსის“, „ლივერპულის“, „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.

0.11752