საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრევიზოში მიმდინარე შეკრებაზე კომენტარი გააკეთა.
მან არა მარტო ნაკრების შეკრებაზე, არამედ თავის პირად საკლუბო მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩება.
„ვირტუს ბოლონიასთან“ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს და თუ გუნდი რამეს არ გადაწყვეტს, არაფერი შეიცვლება და მომდევნო სეზონს ბოლონიაში ვითამაშებ.
პირველი ეტაპია შეკრების, რომელშიც ვსწავლობთ, როგორ ვითამაშოთ ერთად, შევცვალოთ ტაქტიკურად რაღაც დაცვასა და შეტევაში იქიდან გამომდინარე, თუ ვის ვეთამაშებით იაპონიაში, დავამატოთ რაიმე ახალი სისტემები, შესაბამისად, ახლა ვართ სწავლების პერიოდში, მაგრამ როდესაც იაპონიაში გამგზავრების დრო მოვა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულად მზად ვიქნებით.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით ეგვიპტესთან მატჩში არ ვითამაშებ, მაგრამ ამ შეხვედრაში გამოჩნდება რა ასპექტებზე მოგვიწევს მეტი ყურადღების მიქცევა, რათა ჩვენი სუსტი მხარეები გავაძლიეროთ.
უკვე მესამე დღეა, რაც გუნდს შევუერთდი. გავიცანი ახალგაზრდები, ძალიან მოხარული ვარ, რომ ისინი ჩვენთან არიან, გამოირჩევიან მებრძოლი ხასიათით და კონკურენტუნარიანობით, რაც ახალგაზრდებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ეროვნულ ნაკრებში მოდიან“, - თქვა შენგელიამ.