ნიგერიელმა ფეხბურთელმა ოდიონ იგალომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ორი წლის წინ ფულისთვის წავიდა და ახლაც, ფეხბურთელები ამ ქვეყანაში მხოლოდ ამ მოტივით მიდიან.
როგორც მან თქვა, ფეხბურთს გატაცებისთვის მხოლოდ ახალგაზრდულ ასაკში თამაშობენ, ხოლო კარიერის ბოლო ეტაპზე ყველასთვის მთავარი ფულია და არა ტიტულები.
„როცა ახალგაზრდა ხარ, ვნებით თამაშობ, ფული არ გაინტერესებს, მაგრამ ჩემს ასაკში, როცა კარიერის ბოლო მონაკვეთზე ხარ და იცი, რომ 3 წელზე მეტს ვერ ითამაშებ სიტუაცია იცვლება.
მთელი ცხოვრება ვნებით ვთამაშობდი, ახლა ფულისთვის ვთამაშობ. მე არ ვგავარ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველთვის გატაცებით თამაშობენ. ისინი ფულისთვის თამაშობენ, ბოლოს და ბოლოს, მთავარი ეს არის. საუდის არაბეთში დიდებული ფეხბურთელები წავიდნენ. რონალდუ ისევ ვნებით თამაშობს? ჩემზე 100-ჯერ მეტი მოიგო და მაინც საუდის არაბეთში წავიდა. ეს გატაცების გამო გააკეთა? არა, ფულისთვის. საბოლოო ჯამში ფულისთვის ვთამაშობთ, რადგან 10 მილიარდი თასიც რომ მოიგო, სუპერმარკეტში საკვების შესაძენად მას ვერ გამოიყენებ“, - თქვა იგალომ.