ფეხბურთი

11:05 | 28.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვორსკლას" მწვრთნელი: "დილა" კარგი გუნდია და ჯერ მხოლოდ პირველი ნახევარი მოვიგეთ"

პოლტავას „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა გორის „დილასთან“ მატჩის შემდეგ (2:1) კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, რთული თამაში იყო და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რადგან მატჩის მეორე ნახევარი საქართველოში გაიმართება.

„ძალიან რთული თამაში იყო, რადგან ჩვენი მეტოქე ძლიერია და ბურთით კარგად თამაშობს. გოლის გაშვების შემდეგ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ გვესმის, რომ ეს მხოლოდ პირველი ნახევარია, მეორე ნახევარი საქართველოში იქნება. გამარჯვება გამარჯვებაა, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ალბათ, არ ვარ კმაყოფილი თამაშით, იმიტომ, რომ მსურს ჩემი გუნდი ბრწყინავდეს. თუმცა ბერი ფაქტორია, რაც ერთ თვეში ვერ გამოსწორდება. ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ, როგორებიც სეფერი, ოლიინიკი, კრავეცი არიან. ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, მაგალითად სანტანა სულ რაღაც სამი დღეა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. მჯერა იმ ბიჭების, რომლებიც გვყავს და ვეცდებით, უფრო შორს წავიდეთ.

გვესმის, რომ ყველა თამაში ჩვენთვის გამოწვევაა, მაგრამ ჩემი გუნდი დისციპლინირებულად თამაშობს. არ არის ქაოსი, ვცდილობთ კარგად ვითამაშოთ. ფელიპეს, კანეს და რუსლან სტეპანიუკის ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ნებისმიერ თამაშში გვაქვს მომენტები. „შახტარი“ და „დნიპროც“ დავამარცხეთ, დამსახურებულად დავიკავეთ გასულ სეზონში მე-5 ადგილი.

თუმცა, 10 ფეხბურთელმა დაგვტოვა. დავიმატეთ ახალგაზრდები და ლეგიონერები. ამ მომენტში კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ბიჭები ვარჯიშზე და თამაშში აკეთებენ. უპრობლემოდ თამაშისთვის დიდი ფულია საჭირო. არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ ფეხბურთს ფული არ თამაშობს, მაგრამ ეს მოძველებული ფრაზაა. ნახეთ, რა ხდება ჩვენს გარშემო - ვისაც ფული აქვს, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კარგ ფეხბურთს თამაშობენ. თუმცა მჯერა, რომ ჩვენც კარგი ბიჭები გვყავს.

ჩემპიონატის დაწყებამდე შემადგენლობის გაძლიერება? ვნახოთ, მე ვარ ის მწვრთნელი, რომელიც იმით მუშაობას, რაც ხელმისაწვდომი აქვს. თუ შესაძლებლობა იქნება, ვინმეს დავიმატებთ, რომელიც გაგვაძლიერებს. ბაზარზე ასეთი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამისთვის, როგორც უკვე ვთქვი, ფულია საჭირო. ჩვენ არ შეგვიძლია გადავიხადოთ ისეთი თანხები, რომლებსაც აგენტები სხვადასხვა მიზეზით ითხოვენ. ფეხბურთელებს იმის მიხედვით ვიმატებთ, რა ფინანსური რესურსიც გუნდს აქვს“, - თქვა სკრიპნიკმა.

შეგახსენებთ, რომ „დილასა“ და „ვორსკლას“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, გორში გაიმართება.

0.113324