ფეხბურთი

21:36 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუა: "დარწმუნებული ვარ, შემიძლია კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმა"

„ბაზელის“ სპორტულმა დირექტორმა ჰეიკო ვოგელმა გაბრიელ სიგუას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი იმედი აქვთ და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია.

„გაბრიელი საქართველოში სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად. მხოლოდ 18 წლისაა, ძალიან კარგი ფიზიკა აქვს, 190 სმ-ია. მოხარულები ვართ, რომ შევძელით ფეხბურთელის დამატება, რომელსაც შეუძლია თამაში, როგორც ცენტრალურ, ისე შემტევ ნახევარმცველად და საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს“, - აღნიშნა ვოგელმა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა 18 წლის ფეხბურთელმაც: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე. „ბაზელი“ საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია და შვეიცარიაში ყველაზე პოპულარული კლუბია. დარწმუნებული ვარ, შემიძლია ჩემს კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და განვითარება. „ბაზელი“ შესანიშნავი პირობებს სთავაზობს ჩემსავით ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებისთვის“, - თქვა ქართველმა ნახევარმცველმა.

გაბრიელ სიგუა „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, იგი კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა. თბილისელთა პირველ გუნდში სიგუას დებიუტი 2022 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე სამტრედიას წინააღმდეგ შედგა. საერთო ჯამში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბაზელი“ შვეიცარიის 20-გზის ჩემპიონია, ბოლოს ეს ტიტული 2017 წელს მოიგო. ერთი ხანობა კლუბი მუდმივად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ბოლო დროს საუკეთესო პერიოდი არ უდგას. გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა, თუმცა პარალელურად კონფერენს ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ფლორენციის „ფიორენტინასთან“ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

0.115376