ფეხბურთი

20:22 | 25.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გაბრიელ სიგუა "ბაზელის" ფეხბურთელია

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კლუბებს შორის შეთანხმება შედგა, რის მერეც 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა შვეიცარიულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ბაზელში“ 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„დინამო თბილისი“ მადლობას უხდის გაბრიელს კლუბში გატარებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

გაბრიელ სიგუა „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, იგი კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა. თბილისელთა პირველ გუნდში სიგუას დებიუტი 2022 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე სამტრედიას წინააღმდეგ შედგა. საერთო ჯამში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბაზელი“ შვეიცარიის 20-გზის ჩემპიონია, ბოლოს ეს ტიტული 2017 წელს მოიგო. ერთი ხანობა კლუბი მუდმივად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ბოლო დროს საუკეთესო პერიოდი არ უდგას. გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა, თუმცა პარალელურად კონფერენს ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ფლორენციის „ფიორენტინასთან“ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

1.014793