„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირზა ვარეშანოვიჩმა „ტორპედოსთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის გუნდს თამაშის და შეცდომების დაშვების ეშინოდა. ამასთან აღნიშნა, რომ უიღბლობის მომენტიც იყო და არ გაუმართლათ.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, ასეთი ატმოსფერო არასდროს ყოფილა. სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ. ვერ შევძელით ჩვენი თამაშის დამკვიდრება, ვერ მივაღწიეთ იმ თამაშს, რომელიც მოსამზადებელ შეხვედრებში ვაჩვენეთ. არ ვიცი, ეს შედეგით გამოწვეული შიშის ბრალი იყო თუ არა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, მაგრამ ერთი ჯარიმიდან გოლი გავუშვით. დამატებით დროში უპირატესობა გვქონდა, პენალტების სერია კი ლატარეაა.
მე ვარ პირველი, ვინც იმედგაცრუებულია. ყველა ველოდით, რომ შეგვეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა, ყველას გვჯეროდა, რომ გვქონდა ძალა, ცოდნა და ხარისხი, მაგრამ ვიცოდით, რომ „ტორპედო“ სუსტი გუნდი არ იყო, ისინი სათამაშო რიტმში არიან, ჩვენთვის კი ეს მხოლოდ მეორე ოფიციალური თამაში იყო. ფეხბურთელებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს, მათ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. არ მინდა, ყველაფერი იღბალს დავაბრალო, მაგრამ ნამდვილად არ გაგვიმართლა.
მატჩამდე ვთქვი, რომ გვინდოდა უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით, ვიდრე საქართველოში, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. დღეს ბურთის ფლობა უნდა გვქონოდა, რატომ არ იყო ასე, არ ვიცი. თითქოს თამაშს გავურბოდით ან შეცდომის დაშვების გვეშინოდა. თუმცა, მეორე ტაიმში საწუწუნო არაფერი მაქვს და დამატებით დროშიც გოლის გატანა გვინდოდა, რათა პენალტები თავიდან აგვეცილებინა. მე ვარ პასუხისმგებელი, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ“, - თქვა ვარეშანოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ „სარაევო“ ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიით დაამარცხა (3:3, 4:2), ხოლო მომდევნო ეტაპზე „აკტობეს“ 27 ივლისს ქუთაისში და 3 აგვისტოს ყაზახეთში შეხვდება.