ფეხბურთი

0:38 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკო: "მეტოქეს უბურთოდ თამაში უჭირდა, ჩვენ კი მიზანს მივაღწიეთ"

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ „დუნაისკა სტრედასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც უკრაინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა მიზანს მიაღწია, ახლა კი უკრაინულ „ვორსკლასთან“ თამაშს მოუთმენლად ელოდება.

„ვიცოდით „დუნაისკა სტრედას“ ხარისხი. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეებიდან ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო. ვიცოდით, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 2 გოლი გვჭირდებოდა, მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა. მეტოქეს უბურთოდ თამაში უჭირდა, ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ისინი უბურთოდ, რაც შეიძლება დიდხანს დაგვეტოვებინა.

ამან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოგვცა, თუმცა მეორე ტაიმში დაღლილობის გამო თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. სათადარიგო მოთამაშეები დაგვეხმარნენ, მათ თამაშში ახალი ენერგია შეიტანეს, რის შედეგადაც მეორე გოლი გავიტანეთ. ნამდვილად მოუთმენლად ველით „ვორსკლას“ წინააღმდეგ მატჩს, ეს შესანიშნავი სკოლა იქნება ჩვენთვის და ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, დიდი გამოცდილება“, - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ „ვორსკლას“ სტუმრად (ნეიტრალურ მოედანზე კატოვიცეში) 27 ივლისს შეხვდება, ხოლო 3 აგვისტოს გორში უმასპინძლებს.

0.115361