„ტირანას“ ფეხბურთელმა ფლორენ ჰასანიმ „დინამო ბათუმთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ის ბათუმის აეროპორტში შეაყოვნეს, რადგან კოსოვოელია, საქართველო კი კოსოვოს სახელწიფოს არ აღიარებს. 26 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ ეს ფაქტი მისთვის დამატებითი მოტივაციაა გოლის გასატანად.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დავინახეთ ჩვენი შეცდომები პირველი შეხვედრიდან და ამ დღეებში ვცდილობდით მათ გამოსწორებას. მჯერა, რომ ხვალ 100%-ით ვიქნებით მზად. მწვრთნელის დავალებები უნდა შევასრულოთ და სიფრთხილით ვითამაშოთ. ვფიქრობთ, რომ წარმატებას მივაღწევთ.
მტკიცედ გვჯერა მომდევნო ეტაპის გასვლის. მეტოქეს ვიცნობთ, კარგად შევისწავლეთ, ვიცით მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენი სუსტი წერტილები კი უნდა გამოვასწოროთ. როდესაც გუნდში ახალი ფეხბურთელები არიან, გარკვეული დრო საჭიროა, ყოველდღე უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს. მჯერა, რომ ამ შეხვედრაში მოედანზე დადებითი კომუნიკაცია გვექნება. მჯერა, რომ პირველ შეხვედრაზე უკეთ ვითამაშებთ.
დიახ, აეროპორტში შემაყოვნეს, რადგან კოსოვოელი ვარ. ეს პოლიტიკური საკითხებია, რომელსაც არ ვეხები, მაგრამ ნახევარი საათი შემაყოვნეს. ეს ჩემთვის მოტივაციაა გოლის გასატანად“, - თქვა ჰასანიმ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „ტირანას“ მატჩი 20 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ალბანეთში 1:1 დასრულდა.