მინერალური წყალი „ბორჯომი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. მემორანდუმს „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ხელი დღეს მოაწერეს.
ივანე მაჭავარიანი: „მინერალური წყალი „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. საქართველოს სპორტულ ტრადიციას წარადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე ბორჯღალოსნებიც. უნიკალური მინერალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ბორჯომი“ ენერგიის აღმდგენი ბუნებრივი საშუალებაა, და, ასევე ბუნებრივია, რომ ის წლებია ქართული სპორტის გვერდით დგას“.
მემორანდუმის თანახმად, „ბორჯომი“ ბორჯღალოსნების და ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების (20 წლამდე, 18 წლამდე, შვიდკაცა, შვიდქალა) გენერალური სპონსორი გახდა, და, ასევე, პირველი პროფესიული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ ოფიციალური მინერალური წყალია.
იოსებ ტყემალაძე: „შავი ლომი“ პირველი ქართული კლუბია, რომელიც ევროპის უმაღლესი დონის ტურნირში, ჩელენჯ თასზე მიიწვიეს; უმსხვილეს სტადიონებზე ევროპაშიც და საქართველოშიც, უკვე წელს, ის საკლუბო რაგბის უდიდეს ვარკსვლავებს შეხვდება, ხოლო ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგებიან, – მნიშვნელოვანია რომ ლეგენდარული „ბორჯომი“ ჩვენი „შავი ლომების“ გვერდში იდგება, ორივე ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის იბრძოლებს“.
ბორჯღალოსნები 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რომელიც 8 სექტემბერს იწყება და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საქართველო გ ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. მანამდე ჩვენს გუნდს გასახურებელი თამაშები ელის – თბილისში 12 აგვისტოს რუმინეთთან და 19 აგვისტოს აშშ-სთან და 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიასთან.
‘შავი ლომი’ დეკემბრიდან პირველად ჩაერთვება ჩელენჯ თასის გათამაშებაში. გუნდს ჯერ რაგბი ევროპის სუპერ თასი ელის, სადაც ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას ეცდება, მერე კი თბილისში ‘გლოსთერსა’ და ‘კლერმონს’ დაუხვდება, ‘კასტრსა’ და ‘სქარლეთსს’ კი სტუმრად ეთამაშება.
მიღწეული შეთანხმებით „ბორჯომი“ სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარებასაც შეუწყობს ხელს: რეგიონის გუნდებს „ბორჯომსა“ და ასპინძის „ტაოს“ სავარჯიშო ბაზების განახლებაში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და რაგბის პოპულარიზაციაში დაეხმარება.
rugby.ge