რაგბი

23:15 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში, ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ პორტუგალიაში მიემგზავრება. პორტუს მოსაზღვრე ქალაქ მატოსინოსში 21-დან 30 ივლისის ჩათვლით კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და იმ 3 საგზურისთვის იბრძოლებს, რომლის მფლობელებიც მომავალ, 2024 წლისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებენ.

22 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. A და C ჯგუფები 5-გუნდიანია, ხოლო B და C – 6-იანი. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები B ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი (21 ივლისს ვეთამაშებით), უნგრეთი (22 ივლისი), ალბანეთი (23 ივლისი), მონტენეგრო (25 ივლისი) და ბოსნია (26 ივლისი) ჰყავს.

გათამაშების ფორმატის თანახმად, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი განაგრძობს, რომლებიც მეოთხედფინალში გაწყვილდებიან (A – B ჯგუფთან, ხოლო C ჯგუფი D-სთან). შესაბამისად, თუკი საქართველო პლეი ოფში გავა, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში მეტოქეებად A ჯგუფის (ავსტრია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია) წარმომადგენლები ეყოლება.

საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონისთვის კარგი მოსამზადებელი შეკრება გაიარა. თავდაპირველად, 50-ზე მეტი კანდიდატი გამოიცადა, საიდანაც 16 შეირჩა და სწორედ ამ შემადგენლობით გაემგზავრა ნაკრები უცხოურ შეკრებაზე. ჩვენმა ნაკრებმა შეკრებები გაიარა ლატვიაში, ფინეთსა და ესტონეთში, რომლის განმავლობაშიც ამ ქვეყნებისა და უკრაინის ნაკრებთან მთლიანობაში 7 საკონტროლო მატჩი გამართა, რომლებშიც მარცხი განიცადა, თუმცა დიდი გამოცდილება მიიღო.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ხვალ, გამთენიისას გაემგზავრება და 21 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სლოვაკეთთან დაპირისპირებით ჩაებმება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

0.112173