„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „ნიუკასლ იუნაიტედს“ სურს, რასაც გამოცემა Football Insider-იც ადასტურებს, თუმცა, ეს ინგლისელებისთვის მარტივი ამოცანა არ არის.
წყაროს თანახმად, „ნიუკასლს“ გაუჭირდება „ნაპოლის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება კვარაცხელიასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ტრანსფერის შანსი არცთუ ისე მაღალია. მეორე მხრივ, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, თუ ინგლისელები სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე არასასურველი ფეხბურთელის გაყიდვას და შესაბამისად, ფულის გამომუშავებას შეძლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ნიუკასლი“ „ნაპოლის“ ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე სთავაზობს, თუმცა იტალიელების პასუხი უცნობია. „ნაპოლის“ სურს კვარას შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის განახლებაზეც მიდიოდა მუშაობა, ინგლისელებისთვის კი ჯერ პასუხი არ უთქვამთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მან ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.