რაგბი

13:14 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ ბრუ: „ჩელენჯ თასის შემდეგ, საქართველოსთვის ექვსი ერიც შესაძლებელი გახდება“

ფრანგული ტოპ 14-ის ‘ბორდოს’ მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრუ ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასში ჩართვას მიესალმება და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც ეს გადაწყვეტილება ქართულ და ევროპულ რაგბს მოუტანს:

„ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ქართველებისთვის ეს არის პროფესიული ხარისხის გაზრდის კარგი საშუალება, ეტაპია საკლუბო დონიდან საერთაშორისო დონეზე გადასასვლელად. ბევრმა ფრანგულმა კლუბმა მიიღო ამ ტურნირით გამოცდილება – აქ თამაში გაცილებით მაღალ ტემპში მიდის ვიდრე თუნდაც ტოპ 14-ში, სადაც შეჯიბრი მეტწილად ფიზიკური მომზადების დონეზეა და ქართული კლუბისთვის ჩელენჯ თასში თამაში კარგი გამოცდილება იქნება. ეს ასევე კარგი იქნება საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომლის ბევრი მოთამაშე ევროპის კლუბებშია გაფანტული და ერთმანეთთან შეთამაშების საშუალება ნაკლებად აქვთ. ახლა ისინი ‘შავი ლომის’ ფარგლებში შეძლებენ მთელი სეზონი ერთად ივარჯიშონ და მაღალი დონის თამაშებისთვის მოემზადონ“.

„მეორეს მხრივ ქართული რაგბის სპეციფიკასთან უშუალო შეხება ევროპულ კლუბებსაც წაადგებათ, – სიახლე იქნება და დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონებათ. კიდევ ერთი ასპექტი – კომერციული მხარეა, – ქართული რაგბი ჩელენჯ თასის საშუალებით გაცილებით დიდი აუდიტორიის, პოტენციური სპონსორების წინაშე წარდგება, – როგორც წესი საშინაო ბაზარი რაგბისთვის სახსრების მოსაზიდად საკმარისი არ არის. თანაც ქართველი ვარსკვლავები, ნინიაშვილი, აბჟანდაძე, ან აფრასიძე ევროპულ აუდიტორიას მხოლოდ ფრანგული კლუბების შემადგენლობაში ჰყავთ ნანახი, ევროპა არ იცნობს კარგად საქართველოს შიდა ჩემპიონატს, ‘შავი ლომის’ თამაშის ხარისხს, და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის ნაცნობი ქართველი ვარსკვლავების თამაში ქართული რაგბის ფარგლებშიც“.

„ერთი რაც დაზუსტებით ვიცით არის ის, რომ ქართული რაგბი სწრაფი აღმავლობის გზას ადგას. თუკი აქამდე საერთო წარმოდგენა იყო, რომ ქართული რაგბი მხოლოდ ძალისმიერ თამაშს გულისხმობს, ახლა ვხედავთ, რომ ეს იცვლება, – ნინიაშვილი ამის მაგალითია, ქართველთა თამაში უფრო სწრაფი და სტრატეგიულად გათვლილი ხდება და ჩელენჯ თასი მოგვცემს საშუალებას ეს კარგად ვნახოთ, მათ შორის ერთ დღეს ჩემპიონთა თასზეც. ეს ასევე ბიძგს მისცემს 6 ერში მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს სასარგებლოდ, თუმცა ამას დროს დაჭირდება, რადგან იცით, 6 ერის ტურნირი ძალიან კონსერვატორულია, და ცვლილებებს ძნელად განიცდის, თუმცა ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს შესაძლებელი იქნება“.

RUGBY.GE

0.12102