„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი რიად მაჰრეზიც საუდის არაბეთის გზას ადგას. Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს ალჟირელის დაკარგვა არ სურს, მაგრამ საუდელებისგან ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღეს.
„ალ-აჰლი“ მზადაა „სიტის“ მაჰრეზში 35 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო თვითონ ფეხბურთელს ორ სეზონში 50 მილიონ ევროს სთავაზობს. ალჟირელიც სერიოზულად ფიქრობს, რომ ეს წინადადება მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ „ალ-აჰლიმ“ მანამდე რობერტო ფირმინო და ედუარ მენდი დაიმატა. ახლა კი შემადგენლობის აფრიკელით გაძლიერებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ რიად მაჰრეზი „მანჩესტერ სიტიმ“ 2018 წელს დაიმატა და 236 შეხვედრაში 78 გოლი აქვს გატანილი. მანამდე რიადი „ლე ავრსა“ და „ლესტერ სიტიში“ თამაშობდა.