„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სეზონში პირველი პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, „ნაპოლიმ“ შეკრება უკვე დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელია (ისევე, როგორც კიდევ 8 ფეხბურთელი) გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდებიან.
გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ბედნიერია მასთან მუშაობა რომ მოუწევს, მაგრამ მნიშვნელოვანი ყოველთვის არის კოლექტივი და არა ინდივიდები.
„უკვე ვთქვი, რომ პრეზიდენტისგან ყველაზე მეტად ამბიციურობა მომწონს. თუ ჩვენ ამბიციურები ვართ, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება. კიმის გარდა, რომელიც გუნდიდან უკვე წავიდა, მინდა, რომ ყველა ფეხბურთელი და ყველაფერი შევინარჩუნო. თუ იქნება მცირე ცვლილებები, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ახალგაზრდული გუნდიდან შეკრებაზე ბევრი ფეხბურთელი მოვიწვიე, რადგან მინდა მათი თამაში საკუთარი თვალით ვნახო, მინდა, რომ ერთი მაინც ვიპოვო ისეთი, რომელიც გუნდში დარჩენას მოახერხებს.
ოსიმენს მოვუსმინე და ის ბედნიერია „ნაპოლიში“. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დარჩენა და დიდი რაღაცების გაკეთება სურს. კიმის შესაცვლელად საკმარისი დრო გვაქვს. კლუბი ამაზე მუშაობს და შესაბამის ფეხბურთელს მოვიყვანთ. აჩქარება საჭირო არ არის, მთავარია ვიპოვოთ მცველი, რომელიც ჩვენთვის საუკეთესო იქნება, ჩვენს საჭიროებებთან შესაბამისი. მაქსიმ ლოპესს დებიუტი ჩემს ხელში ჰქონდა, მაგრამ მის დამატებას არ ვაპირებთ, რადგან ასეთი პროფილის მოთამაშეს არ ვეძებთ.
რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ კვარაცხელიას და ოსიმენის მწვრთნელი ვარ. იმედი მაქვს, ისინი გააგრძელებენ განსხვავების შექმნას და გამარჯვებაში დაგვეხმარებიან, მაგრამ მე ყოველთვის ყურადღებით ვარ, რომ გუნდზე წინ ინდივიდები არ დავაყენო, აქ ყველა მნიშვნელოვანია. დიახ, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან გოლებით და საგოლე პასებით, მაგრამ ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ბურთი მათთან მიდის. ვიმეორებ, რომ მხოლოდ ოსიმენი და კვარა არაა მნიშვნელოვანი, ასევე არიან პოლიტანო და ელმასი, სიმეონე და რასპადორი. შეტევაში ბევრი არჩევანი გვაქვს და მსურს, რომ ყველა გამოვიყენო. ვცდილობ, ყველა ერთ დონეზე შევაფასო“, - განაცხადა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს, სამოყვარულო გუნდ „ანაუნესთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.