საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ახალ ზელანდიასთან მატჩის (26:50) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამაყია ბიჭების ხასიათით და ეჭვები დარჩა მსაჯის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ კარგად ვიცოდით რაში იყო სახიფათო ახალი ზელანდია – ეს არის ცუდად დარტყმული ფეხი და დაგვიანებული ახურვა, სწრაფი ბურთი და კონტრშეტევა. პირველ 30 წუთში სამივე ამ კომპონენტში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს ძალიან წინ გაჭრის შესაძლებლობა მისცა. მე ამაყი ვარ ამ ბიჭების ხასიათის, რადგან ისინი არ გატყდნენ, იმ დეტალებს მიაქციეს ყურადღება, რაზეც მზადებისას ვამახვილებდით ყურადღებას და დაბრუნდნენ თამაშში. მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი გუნდი, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ ასე ახლომდე დაიყვანს სხვაობას. მერე იყო მსაჯის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემში კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ დანარჩენი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, - თქვა კილასონიამ.
კომენტარი გააკეთა 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა: „ვფიქრობ კარგი რაგბი ვითამაშეთ და მთელ მსოფლიოს დავანახეთ რომ ნებისმიერ გუნდთან, ყველა კომპონენტში თანაბრად თამაში შეგვიძლია, მოლსა და შერკინებაში კი საქართველო უბრალოდ საუკეთესოა. იმედი მაქვს მომავალი თაობა ჩვენს ისტორიულ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. გვქონდა შანსი თასის ნახევარფინალში გვეთამაშა, საბოლოოდ კი მე-8 ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ესეც ძალიან კარგი შედეგია.
რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან თამაშს, თავიდან ერთგვარი შოკი გვქონდა, მაგრამ მერე ჩვენი თამაში ვიპოვეთ და პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმში ვდომინირებდით. სამწუხაროდ მერე რამდენჯერმე დავჯარიმდით და მეტოქემ ეს გამოიყენა. და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ საქართველო არ მიმაჩნია ტიერ2 სარაგბო ქვეყნად, ჩვენ ვართ ტიერ1 და ვფიქრობ, განვლილი თამაშებიდან ეს ყველამ დაინახა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვე ადგილი ერგო, რაც ისტორიული შედეგია ქართული რაგბის ისტორიაში. „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა (20:0) და იტალია (30:17) დაამარცხეს, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან (23:33), უელსთან (21:40) და ახალ ზელანდიასთან (26:50) წააგეს.