საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მერვე ადგილზე დაასრულა.
ლადო კილასონიას გუნდმა მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში ახალი ზელანდიის ნაკრებთან მარცხი განიცადა. ქართველმა მორაგბეებმა თამაში ცუდად დაიწყეს და თავიდანვე 0:33 ჩამორჩნენ. თამაშის სურათი პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთში შეიცვალა, როდესაც „ბორჯღალოსნებმა“ შეძლეს შეტევაში კარგად ათამაშება და ტაიმის ბოლომდე ორი გარდასახული ლელო მიითვალეს.
თამაშის ეს სცენარი მეორე ტაიმშიც გაგრძელდა: საქართველო უტევდა და ზელანდიელებს ძალიან უჭირდათ. კილასონიას გუნდმა კიდევ მოახერხა ორი ლელოს დადება და 0:33-დან ანგარიში 26:33 გახდა. ეს ყველაფერი 63-ე წუთისთვის და თამაშის მოგების შანსიც გაჩნდა.
თუმცა, სწორედ გარდამტეხ მომენტში ზელანდიელებმა ძალები მოიკრიბეს და სიტუაცია შეცვალეს. მატჩის ბოლო მონაკვეთი, როგორც დასაწყისი, სრულად მეტოქის გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ, 50:26 მოიგო.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვე ადგილი ერგო, თუმცა, ეს მაინც ისტორიული შედეგია ქართული რაგბის ისტორიაში. „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა (20:0) და იტალია (30:17) დაამარცხეს, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან (23:33), უელსთან (21:40) და ახალ ზელანდიასთან (26:50) წააგეს.
საქართველო - ახალი ზელანდია 26:50 (14:33)