ტურინის „იუვენტუსმა“ ოთხი ფეხბურთელი შემადგენლობას ჩამოაშორა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერზე ოფიციალურად დააყენა.
აღსანიშნავია, რომ სიაშია გუნდის კაპიტანი ლეონარდო ბონუჩიც, რომელიც კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის. 36 წლის მცველის გარდა, „შავ სიაში“ დენის ზაკარია, არტური და ვესტონ მაკკენი მოხვდნენ.
ისინი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებენ და ვერც ამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან, სადაც „იუვეს“ ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი.
არტური, ზაკარია და მაკკენი „იუვეს“ გასულ სეზონშიც განათხოვრებული ჰყავდა და აქამდეც ცნობილი იყო, რომ მათ ტურინში მომავალი არ ჰქონდათ. ბონუჩის სიტუაცია კი განსხვავებულია, მას კლუბთან ერთი წელი კიდევ აკავშირებს კონტრაქტი. ბონუჩის ევრო 2024-ზე თამაში სურს, რის გამოც ისეთი კლუბი უნდა იპოვოს, სადაც მომდევნო სეზონში სათამაშო პრაქტიკა ექნება.
ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსში“ 2010-2017 და 2018-2023 წლებში 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ის „ბიანკონერის“ ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეექვსე ადგილზეა. ვეტერან მცველს ყველაზე აქტიურად გენუის „სამპდორიას“ უკავშირებენ, რომელსაც ანდრეა პირლო ავარჯიშებს.