ფეხბურთი

22:56 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" ორჯერ იგებდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა: ყველაფერი ბოსნიაში გადაწყდება

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედომ“ „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე ბოსნიურ „სარაევოსთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა და ყველაფერს საპასუხო შეხვედრა გადაწყვეტს.

თამაში ბოსნიელების დიდი უპირატესობით დაიწყო და სტუმრებს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ სიზუსტე აკლდებოდათ, ორჯერ კი ბურთი ხარიხასაც გაარტყეს. „ტორპედო“ ვერ ახერხებდა შეტევაში გააზრებულად მოქმედებას, თუმცა, ამის მიუხედავად ტაიმი მაინც მოიგო. 43-ე წუთზე გიორგი არაბიძის კუთხურის შემდეგ ნიკა სანდოხაძემ საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა, აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ანგარიში გახსნა.

სტივ კინის გუნდმა ტაიმი კი მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმის მეორე წუთზე გოლი გაუშვა. რენან ოლივეირა ცენტრალურმა მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს, ისიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. ზოგადად, მეორე ნახევრის სტარტი შედეგიანი გამოდგა, რადგან ბოსნიელთა გოლს ერთ წუთში გოლით უპასუხეს იმერლებმა: ირაკლი ბუღრიძემ ძალიან კარგად ითამაშა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა - 2:1. თუმცა, 4 წუთში „ტორპედოს“ ცენტრალური დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა და დალ ვარეშანოვიჩმა ანგარიში მეორედ გაათანაბრა.

პირველ ტაიმში თუ „სარაევო“ უფრო კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარი აშკარად „ტორპედოსი“ იყო და რომ არა, დაცვაში ორი უყურადღებობა, აუცილებლად მოიგებდა. და მაინც, ისედაც შეეძლო მოგება, რადგან რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. ორჯერ ლაშა შერგელაშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია მეკარემ, მანვე ერთხელ ბუღრიძის სახიფათო დარტყმა უკუაგდო, ხოლო ქობულაძემ ხარიხა შეაზანზარა.

მოკლედ, ქუთაისურ გუნდს მოგება ნამდვილად შეეძლო, მაგრამ მეორე ნახევარში საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. თუმცა, ყველაფერი მაინც ერთ კვირაში გადაწყდება სარაევოში, სადაც საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

„ტორპედო“ – „სარაევო“ 2:2 (1:0)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„ტორპედო“ (4-3-3): კიაიჩი; ქობულაძე (ჭიჭინაძე 89), მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია; გიგაური, აკბარი, შერგელაშვილი; არაბიძე, ფანცულაია (კაბალიერო 78), ბუღრიძე (მანჯგალაძე 71)

მწვრთნელი: სტივ კინი

„სარაევო“ (4-2-3-1): როგიჩი; ბეგანოვიჩი, ტრაკო, სოლდო, დურაკოვიჩი (რადოვიჩი 82); ჟელიკოვიჩი, ვრანჩიჩი (ბალტა 90); კიერემე (გულიაშვილი 78), ვარეშანოვიჩი (მუსტაფიჩი 81), ზილკიჩი (ვივეროსი 81); ოლივეირა

მწვრთნელი: მირზა ვარეშანოვიჩი

გოლები: 1:0 სანდოხაძე (44), 1:1 ოლივეირა (47), 2:1 ბუღრიძე (48), 2:2 ვარეშანოვიჩი (52)

გაფრთხილება: ტრაკო (65), ბეგანოვიჩი (74), მუსტაფიჩი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 17 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: სნირ ლევი

0.139022