რაგბი

15:21 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | ‘გლოსთერი’ და ‘კლერმონი’ თბილისში, ‘სქარლეთსი’ და ‘კასტრი’ სტუმრად

ევროპის პროფესიულმა კლუბების რაგბიმ (EPCR) 2023-24 წლების სეზონის ჰეინეკენ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის თამაშების კალენდარი დაამტკიცა.

წელს პირველად, ჩელენჯ თასში ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომიც’ ითამაშებს, რომელიც მესამე ჯგუფში ფრანგულ ‘კასტრთან’ და ‘კლერმონთან’, შოტლანდიურ ‘ედინბურგთან’, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ და უელსურ ‘სქარლეთსთან’ მოხვდა.

თითოეულ გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს – ორის შინ და ორის სტუმრად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი ოთხი საუკეთესო ფლეი ოფში გავა.

‘შავ ლომს’ ჯგუფის მეტოქეებიდან ‘ედინბურგთან’ არ უწევს თამაში, ტურნირზე სადებიუტო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ინგლისური ‘გლოსთერის’ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დაარსებიდან 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი კვესელაძის ყოფილი კლუბი ინგლისის პრემიერშიფის 4-გზის ჩემპიონია (1988-89, 1989-90, 2002-03, 2006-07), 2005-06 და 2014-2015 წლების სეზონში კი ჩელენჯ თასის გამარჯვებული გახდა. ‘გლოსთერმა’ 2016-17 და 2017-18 წლებში ჩელენჯ თასის ფინალი ითამაშა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა. გასული სეზონი გუნდმა ინგლისის პრემიერშიფში მე-10 ადგილზე დაასრულა.

მომდევნო ორი თამაში ‘შავ ლომს’ სტუმრად უწევს. მეორე ტურში ქართული ფრენჩაიზი ‘სქარლეთს’ 15 დეკემბერს, უელსში შეხვდება. 2003 წელს დაარსებული კლუბი 2003-04 და 2016-17 წლების სეზონში რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის (თავდაპირველად კელტების ლიგა, მერე პრო 14 – მასში ირლანდიური, შოტლანდიური, უელსური, იტალიური და სამხრეთ აფრიკული გუნდები თამაშობენ) გამარჯვებული გახდა, 2017-18 და 2021-22 წლებში კი ფინალში დამარცხდა. გასული სეზონი გუნდმა მე-14 პოზიციაზე დაასრულა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

მესამე ტურში, 13 იანვარს ‘კასტრს’ საფრანგეთში ვსტუმრობთ. გუნდი 1906 წელს დაარსდა და 5-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1949, 1950, 1993, 2013, 2018), ხოლო სამჯერ მეორე ადგილს დასჯერდა (1995, 2014, 2022). ევროთასებზე ‘კასტრი’ ორჯერ გავიდა ჩელენჯ თასის ფინალში, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა ორივეჯერ დათმო (1997, 2000). გასულ სეზონში გუნდის ღირსებას ლევან ჩილაჩავა იცავდა და ტოპ 14-ში მე-9 ადგილი დაიკავა.

და ბოლოს, 20 იანვარს თბილისს ფრანგული და ევროპული რაგბის კიდევ ერთი გრანდი ‘კლერმონი’ ეწვევა და ‘შავი ლომის’ წინაშე „მიხეილ მესხზე“ წარსდგება. 1911 წელს დაარსებული ‘კლერმონი’ ქართული გუნდის მეტოქეებიდან ყველაზე ტიტულოვანია. ის 2-ჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი (2010, 2017), 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (2013, 2015, 2017) და ასევე 3-ჯერ გახდა ჩელენჯ თასის გამარჯვებული (1999, 2007, 2019). გარდა ამისა, „ვულკანებს“ 12-ჯერ აქვთ წაგებული ტოპ 14-ის და ერთხელ ჩელენჯ თასის (2004) ფინალი. გასული სეზონი გუნდმა ტოპ 14-ში მე-10 ადგილზე დაასრულა.

„ვულოცავ მთელ საქართველოს და ქართულ რაგბს ამ მნიშვნელოვან ტურნირში ჩართვას. ეს საქართველოს რაგბის კავშირისა და გუნდის მუშაობის შედეგია. ‘შავი ლომი’ სანაკრებო ფრენჩაიზია და როდესაც სანაკრები აქტივობები არ გვექნება, ისეთ დიდ გუნდებს შევხვდებით როგორებიც ‘კლერმონი’, ‘კასტრი’, ‘გლოსთერი’ და ‘სქარლეთსია’. ამ დონის გუნდების თბილისში ჩამოსვლა ძალიან დიდი დღესასწაულია და გულშემატკივრებს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელით“ – ამბობს ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის შეგირდებს ჩელენჯ თასამდე რაგბი ევროპის სუპერ თასი ელის:

„ჩელენჯ თასის წინ ეს თამაშები ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი კვლავ იქნება თასის ზედიზედ მესამედ მოპოვება. ვეცდებით გუნდში ისეთი მოთამაშეები გვყავდეს, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. ასევე ვეცდებით, რომ ჩელენჯ თასის ყველა თამაშში მივიღოთ გამოცდილება და ვიყოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები. EPCR-მა გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენ ვალდებული ვართ მაღალი დონის თამაშებით ეს ნდობა გავამართლოთ“.

ჩელენჯ თასი 2023-24

მესამე ჯგუფი

პირველი ტური

კლერმონი (საფრანგეთი) – ედინბურგი (შოტლანდია) (8 დეკემბერი)

შავი ლომი (საქართველო) გლოსთერი (ინგლისი) (9 დეკემბერი)

კასტრი (საფრანგეთი) – სქარლეთსი (უელსი) (9 დეკემბერი)

მეორე ტური

გლოსთერი – კლერმონი (15 დეკემბერი)

სქარლეთსი შავი ლომი (15 დეკემბერი)

ედინბურგი – კასტრი (16 დეკემბერი)

მესამე ტური

კლერმონი – სქარლეთსი (13 იანვარი)

კასტრი შავი ლომი (13 იანვარი)

ედინბურგი – გლოსთერი (13 იანვარი)

მეოთხე ტური

გლოსთერი – კასტრი (19 იანვარი)

სქარლეთსი – ედინბურგი (19 იანვარი)

შავი ლომი კლერმონი (20 იანვარი)

rugby.ge

0.113484