ფეხბურთი

21:30 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ასტანას" მწვრთნელი: "მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ შანსი ისევ თანაბარია"

„ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა „დინამო თბილისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სიფრთხილით ითამაშეს და საპასუხო შეხვედრის წინ შანსი ისევ თანაბარია.

„პირველი 15 წუთი კარგი იყო, გოლი გავიტანეთ, მაგრამ იძულებითი შეცვლის გაკეთება მოგვიწია. ოგანესიანს თამაშში ჩასართავად დრო დასჭირდა. მერე ცოტა ინიციატივა დავთმეთ, მაგრამ მთლიანობაში პირველი ტაიმი ჩვენი იყო.

მეორე ტაიმში, რიგ ეპიზოდებში არცთუ ისე კარგად ვითამაშეთ. გოლიც გავუშვით, მაგრამ მეტოქეზე ზეწოლას ცდილობდით. როცა ორმატჩიანი დუელია, სიფრთხილით თამაშობ, რადგან გაშვებული გოლის გამო შეიძლება გავარდე. ამიტომ, ვცდილობდით, დაცვაში ფრთხილად გვეთამაშა. მომენტები გვქონდა, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.

რთული მატჩი იყო, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. საპასუხო შეხვედრაში შანსი 50-50%-ზეა, მეორე თამაშისთვის ოპტიმალურ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. ასეთ ატმოსფეროში თამაში სასიამოვნოა“, - თქვა ბაბაიანმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამოსა“ და „ასტანას“ საპასუხო თამაში 19 ივლისს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადავა, სადაც მალტის „ჰამრუნისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ შორის დამარცხებულთან თამაში მოუწევს (პირველი მატჩი ჰაიფელებმა სტუმრად 4:0 მოიგეს).

0.125016