საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ევროსეზონი დაიწყო და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად „ასტანას“ დაუპირისპირდა. საპასუხო მატჩის წინ გიორგი ჭიაბრიშვილმა საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია - ფრე 1:1 ყაზახეთში.
არადა, შეხვედრის სტარტი ძალიან მძიმე იყო, რაც უფრო ცუდს მოასწავებდა, ვიდრე საბოლოო შედეგია. ყაზახები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რასაც თბილისელთა შეცდომებიც ემატებოდა. ამ ყველაფერს ლოგიკური დასასრული ჰქონდა: მე-11 წუთზე აბატ აიმბეტოვმა გაგი მარგველაშვილის შეცდომით ისარგებლა და გიორგი ლორიას ახლო მანძილიდან გაუტანა. ყაზახები ისევ ფლობდნენ სათამაშო ინიციატივას, თუმცა, სადღაც 30-ე წუთიდან სცენარი შეიცვალა.
„დინამომ“ შეტევაშიც დაიწყო თამაში და ორი რეალური მომენტიც შექმნა შესვენებამდე. ჯერ უსმანე კამარა გავიდა მეკარესთან პირისპირ და შანსი გაანიავა, ხოლო შემდეგ ულად-ომარ იმრანის შორეული დარტყმა ძელს მოხვდა, არადა, თითქოს, გოლი გარდაუვალი ჩანდა. შესვენებაზე, ჭიაბრიშვილმა თამაშში სანდრო კალანდაძე ჩართო და გუნდი 3-მცველიან სქემაზე გადააწყო, რამაც შედეგი გამოიღო. 57-ე წუთზე იმრანის მორიგი შორეული დარტყმა ისევ ძელს მოხვდა, ამჯერად ყაზახებს აღარ გაუმართლათ, რადგან ბურთი გაბრიელ სიგუას მიუვიდა და 18 წლის ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა.
დარჩენილ დროში „დინამომ“ ანგარიში შეინარჩუნა და ახლა მომდევნო ეტაპზე გასვლას „დინამო არენაზე“ ეცდება, სადაც საპასუხო თამაში 19 ივლისს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადავა, სადაც მალტის „ჰამრუნისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ შორის დამარცხებულთან თამაში მოუწევს (პირველი მატჩი ჰაიფელებმა სტუმრად 4:0 მოიგეს).
„ასტანა“ – „დინამო თბილისი“ 1:1 (1:0)
ასტანა, „ასტანა არენა“
„ასტანა“ (3-4-3): ჩონდრიჩი; ბეისებეკოვი, ჰაროიანი, ამანოვიჩი; გაბიშევი (ჰოვჰანისიანი 16), ებონგი (დარაბაევი 88), იოვანჩიჩი, ვოროგოვსკი (ასტანოვი 88); ტომასოვი, აიმბეტოვი (დარბო 73), ურეგა (დოსმაგამბეტოვი 73)
მწვრთნელი: გრიგორი ბაბაიანი
„დინამო თბილისი“ (4-3-3): ლორია; მალი (მაისურაძე 72), მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური (კალანდაძე 46); ხარაიშვილი (ხვადაგიანი 72), სიგუა, ოსეი (ოსიყმაშვილი 72); იმრანი (სანგარე 82), სხირტლაძე, კამარა
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლები: 1:0 აიმბეტოვი (11), 1:1 სიგუა (57)
გაფრთხილება: კალანდაძე (51)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 8 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: კრისტიან ციოჩირცა (ავსტრია)