კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ სტუმრად „დუნაისკა სტრედას“ შეხვდება. მატჩის წინ სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულ’ამ კომენტარი გააკეთა.
„მეტოქეს პატივის ვცემთ. ქართულ ფეხბურთს პროგრესი აქვს, ბოლოს, მათმა 21-წლამდე ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ასევე კარგი ფეხბურთელები ჰყავთ ევროპის ლიგებში, ამიტომ, პატივისცემა გვაქვს. „დილას“ დიდი ხანია ერთი მწვრთნელი ჰყავს, ეს გუნდი კარგად ფლობს ბურთს და პრესინგიც ეხერხება. საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, არა მარტო ქართველები, არამედ ლეგიონერებიც. მხოლოდ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, მაგრამ უკვე რთული მეტოქე გვყავს.
დღეს, ინფორმაცია ხელმისაწვდომია, მაგრამ ჩვენ ცოცხალი სკაუტინგი ავირჩიეთ და ინფორმაცია მივიღეთ. საკმარისი დრო გვქონდა მეტოქის შესასწავლად და მოსამზადებლად. ვიცით, რას უნდა ველოდოთ. ეს იქნება განსხვავებული დაპირისპირება, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა სუსტი მეტოქე გვყავდა. ამჯერად, რთული მეტოქე გვერგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა გულ’ამ.
მატჩამდე კომენტარი გააკეთა „დუნაისკა სტრედას“ ფეხბურთელმა შოლტ კალმარმა, რომელმაც 2018 წელს „დინამო თბილისთან“ დაპირისპირებაც გაიხსენა:
„წინ რთული მატჩი გველის ძლიერ მეტოქესთან. ვიცით, რომ ეს გუნდი მაღალ დონეზე უტევს, მათი ბარიერის დაძლევა ადვილი არ იქნება. 5 წლის წინაც ქართულ გუნდთან ვითამაშეთ და მაშინაც იოლი არ იყო. ჩვენი მიზანია სახლში გამარჯვება და სტუმრად მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება“.
შეგახსენებთ, რომ „დუნაისკა სტრედასა“ და „დილას“ მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.