„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ასტანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძლიერია და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ თავისი გუნდის გამარჯვების იმედი აქვს.
„არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას არ ელოდება და ამიტომ, მეც გამარჯვების იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, პარალელებს თუ გავავლებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. გუნდში არის მიკროტრავმები, თორნიკე კირკიტაძე ვერ ითამაშებს. მეტოქეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ბევრი მათგანი თამაშობს ან უთამაშია თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში.
დიახ, შესამჩნევია, რომ ბოლო დროს ქართული ფეხბურთი ვითარდება. ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, იგივე კვარაცხელია და მამარდაშვილი, „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილებია. შესამჩნევია, რომ ფეხბურთისადმი დამოკიდებულება ქვეყანაში იცვლება.
დიახ, ხელოვნური საფარი და ამინდიც პრობლემაა. 35-38 გრადუსი ჩვენთვის სიახლე არ არის, მაგრამ ასეთი სიცხე წელს თბილისში არ არის, ამიტომ, ჯერ არ ვართ ადაპტირებული. „ბეშპარმაკი“ თუ გავსინჯეთ? არა, პრესკონფერენციაზე დროულად რომ მოვსულიყავით, აეროპორტიდან პირდაპირ აქ მოვედით, ასე რომ, ვერ მოვახერხეთ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ასტანასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.